საქართველოს ინფორმაციული კომუნიკაციების ასოციაცია ევროპული კურსის და დემოკრატიის დასაცავად მიმართვას ავრცელებს და ICT სექტორის ყველა წარმომადგენელს მოუწოდებს, შეუერთდნენ მას ხელმოწერით და საქარველოს დემოკრატიულ განვითარებას მხარი დაუჭირონ.
ICT სექტორს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ბოლო პერიოდში დაპატიმრებულები – ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს პროგრესულ მომავალს; დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს ახალი არჩევნები.
"ჩვენ, საქართველოს ICT სექტორის წარმომადგენლები, მკაფიოდ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ბოლოდროინდელი ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, ასევე განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ კურსს, მიუღებელია ჩვენთვის. ეს ქმედებები უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს მიზანს – გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი.
ამასთან, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია არალეგიტიმური პარლამენტის კოლეგიის მიერ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის არჩევა, რომლის პროცესშიც ალტერნატიული კანდიდატი საერთოდ არ არსებობდა. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, ქართველი ხალხის ნებას და კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნის ინსტიტუციურ კრიზისს.
ევროპასთან კავშირების გაწყვეტა აზიანებს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მთლიანად ეკონომიკას, აფერხებს ინვესტიციებს და საქართველოს განვითარების შესაძლებლობებს. ამ ვითარებაში, საქართველოს ევროპული კურსის შესუსტება წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს როგორც ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის, ასევე მთლიანად საზოგადოების პროგრესისთვის.
ჩვენ, საქართველოს ICT სექტორის წარმომადგენლები, კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებების შელახვას. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას:
- დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ბოლო პერიოდში დაპატიმრებულები – ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს პროგრესულ მომავალს;
- დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს ახალი არჩევნები;
ევროპული მომავალი საქართველოსთვის თავისუფლების და პროგრესის გზაა, და ჩვენი სექტორი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ კურსს საფრთხე არ შეექმნას.
მოვუწოდებთ საქართველოს ICT სექტორის ყველა წარმომადგენელს, შეუერთდნენ ამ მიმართვას ხელმოწერით და მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, პროგრესულ განვითარებას", - წერია განცხადებაში.