არსებული ინფორმაციით, აქციებში მონაწილეობის გამო, კაფე Blanc-დან 7 თანამშრომელი გაათავისუფლეს - კაფის ერთ-ერთი მეწილე რუსეთის მოქალაქეა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი ხმას" თავმჯდომარე "მთავარ არხთან" საუბარში ადასტურებს.
როგორც მინდიაშვილი ამბობს, თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლების გამო, კაფესთან ხვალ, 15:00 საათზე აქცია გაიმართება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები პარლამენტთან, სახალხო პროტესტს შეუერთდებიან.
"რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ ახალგაზრდები. ეს ადამიანები გაათავისუფლეს იმიტომ, რომ აქციებში იყვნენ აქტიურად ჩართული. მათ ერთი თვის ხელფასი არ მისცეს. მიზეზი ის უთხრეს, რომ თითქოს კაფე გაკოტრების პირასაა, არადა ამ დროს, თბილისის მასშტაბით 3 კაფე აქვთ, რომელიც ფუნქციონირებს. გამოაცხადეს, რომ ვითომ ხვალ დახურულები არიან ტექნიკური მიზეზების გამო. ამ კაფის ერთ-ერთი მეწილე არის რუსეთის მოქალაქე, ნიკიტა გრუშანკოვი, რომელიც დღემდე ატყუებს თანამშრომლებს შეხვედრასთან დაკავშირებით. დარღვევა ხდება კაფეში - გადასახადებს უმალავენ სახელმწიფოს, რადგან თანამშრომლები არ ჰყავთ გაფორმებული, ასევე 2 კვირით ადრე არ გააფრთხილეს, რომ უშვებენ სამსახურიდან", - თქვა მინდიაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.