
მანჩესტერში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს. ისინი იზიარებენ და ეთანხმებიან საქართველოში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნებს და სოლიდარობას უცხადებენ აქციების მონაწილეებსა და დაკავებულებს:
დიდ ბრიტანეთში, კერძოდ მანჩესტერში მცხოვრები ქართველები ვიზიარებთ და ვუერთდებით ჩვენი ხალხის ბრძოლას რუსული მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ. განვიცდით და ვაპროტესტებთ საქართველოში არსებულ მძიმე მდგომარეობას. გვინდა, ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ აქციის თითოეული მონაწილისა და ევროპული კურსის მომხრე ყველა ქართველის მიმართ. მოვითხოვთ, რომ შეწყდეს რუსული რეპრესიები ქვეყანაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ჟურნალისტებზე და აქციის მონაწილეებზე, განთავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! გვეამაყება და ქედს ვიხრით თითოეული მათგანის სიმამაცისა და შეუპოვარი ბრძოლის წინაშე, რომლებიც სამშობლოსთვის საკუთარ სიცოცხლეს და თავისუფლებას სწირავენ! საქართველო არ არის და არასოდეს გახდება რუსეთი. ღრმად გვწამს, რომ დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს ცივილიზებულ სამყაროში, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია, მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს!" აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა დრეზდენშიც.