თუ ქართულ ოცნებას სურს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზეც, ანუ შუალედური რგოლის მენეჯერებზეც, ვრცელდებოდეს ენის ცოდნის სავალდებულო პირობა, ამის შესახებ კანონში უნდა გაეკეთებინათ შესაბამისი დათქმა - წერს "საიას" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე თვითგამოცხადებული ხელისუფლების განცხადებების პასუხად.
დღეს არალეგიტიმურმა პრემიერმა "სრული ფეიქი" უწოდა ინფორმაციას, რომ კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილება შევიდა.
გარკვეულ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ წაკითხულის თუ მოსმენილის გააზრების პრობლემა. ისინი ან ვერ, ან არ იაზრებენ ხოლმე წაკითხულს. ამ შემთხვევაში ეს არის სრული ე.წ. ფეიქი, სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, ცრუ აჟიოტაჟი შეიქმნა ყოველგვარი საბაბის გარეშე“, - ამბობს არალეგიტიმური პრემიერი
"საიას" თავმჯდომარე იურიდიულად განმარტავს, რა წერია ამჟამად მოქმედ კანონში და რა ცვლილება შევიდა მასში:
,,ქართული ოცნება“ უარყოფს, რომ ქართული ენა აღარ იქნება სავალდებულო შუალედური რგოლის მენეჯერებისათვის.
ეს საკითხები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით. ამ კანონში ეწერა და ახლაც წერია, რომ ქართული ენის ცოდნა მოეთხოვება საჯარო მოხელეს. ეს ჩანაწერი მოცემულია კანონის 27-ე მუხლში.
შეტანილი ცვლილებებით, შუალედური რგოლის მენეჯერები (პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები) აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად. მათთან იდება ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
თუ ქართულ ოცნებას სურს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზეც, ანუ შუალედური რგოლის მენეჯერებზეც, ვრცელდებოდეს ენის ცოდნის სავალდებულო პირობა, ამის შესახებ კანონში უნდა გაეკეთებინათ შესაბამისი დათქმა. მაგალითად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-80 მუხლის მესამე ნაწილში უნდა დაემატებინათ 27-ე მუხლის პირველი ნაწილის სავალდებულოდ გავრცელების პირობა.
ან თუ არ უნდოდათ, რომ ენა სავალდებულო მოთხოვნა ყოფილიყო ყველა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის, მაშინ სტრუქტურული ერთეულების შუალედური რგოლი ცალკე უნდა გამოეყოთ და მათზე გაევრცელებინათ 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
თუ ეს შეცდომა ტექნიკური იყო, ახლაც შეუძლიათ ამ ცვლილების ინიცირება." წერს ქურდოვანიძე.
დღეს არალეგიტიმურმა პრემიერმა "სრული ფეიქი" უწოდა ინფორმაციას, რომ კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილება შევიდა.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებები მოხელეებზე ზეწოლის გაზრდას და საჯარო სამსახურის კიდევ უფრო პოლიტიზირებას ემსახურება. საიას მიაჩნია, რომ მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებით სახელმწიფო კიდევ ერთ რეპრესიულ იარაღს ქმნის, ამჯერად საჯარო მოხელეების წინააღმდეგ და ცდილობს პარტიულ და საჯარო სამსახურს შორის ზღვარის წაშლის პროცესს საკანონმდებლო საფუძველიც შეუქმნას.
ცვლილებებით ახლებურად წესრიგდება შემდეგი საკითხები:
დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის სტატუსი
დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ცვლილებების მიხედვით, იქნებიან არა პროფესიული საჯარო მოხელეები, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ასუსტებს ამ პირების დაცვის გარანტიებს, მეორე მხრივ, კი, არაპროპორციულად ზრდის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გავლენას.
ახალი მოწესრიგებით:
- პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადა ვერ იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაზე ხანგრძლივი;
- პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნად არ იქნება სავალდებულო კონკურსის ჩატარება;
- პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, აღარ მოეთხოვებათ იცოდნენ სახელმწიფო ენა, იყვნენ 18 წელს მიღწეული, ჰქონდეთ მოხელის სერტიფიკატი;
- აღნიშნული თანამდებობის პირების გათავისუფლება შესაძლებელი იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, რის შესახებაც პირს 1 თვით ადრე ეცნობება. აღნიშნულ შემთხვევაში პირი მიიღებს კომპენსაციას მხოლოდ 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნულ მენეჯერულ რგოლზე არ ვრცელდება მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და გარანტიები (კანონის XII თავი), რაც დაწესებულების ხელმძღვანელს დაუსაბუთებელი, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საკონკურსო კომისია
ახალი მოწესრიგებით საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნავს ამ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს (აქამდე არსებული მოწესრიგების მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულებაში პირველი ან მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს).
როგორც ზემოთ აღინიშნა, მიღებული ცვლილებები სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის პოზიციების პოლიტიზირებას და მათი
არასათანადო გავლენების მიმართ მოწყვლადობას ემსახურება. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიერ საკონკურსო კომისიის ხელმძღვანელობა აჩენს თავად კონკურსის პოლიტიზების საფრთხეს.
რეორგანიზაცია
ახალი მოწესრიგებით, მარტივდება რეორგანიზაციის პოლიტიკური წმენდის იარაღად გამოყენება.
- აქამდე მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების შემთხვევაში, მოხელე მისი თანხმობით, გადაყვანილი ყოფილიყო იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე. რეორგანიზაციისას, შტატების შემცირების გამო, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელი იყო მხოლოდ ასეთი მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. ცვლილებების მიხედვით, რეორგანიზაციისას შტატების შემცირების შემთხვევაში, აღნიშნული გარანტია მოხელეებზე აღარ გავრცელდება და შესაძლებელი იქნება მათი თანამდებობიდან გათავისუფლება, იმის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა მობილობა;
- საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულების შერწყმის პროცესში ან/და ამ პროცესთან დაკავშირებით მიღებული რომელიმე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის მოქმედებას;
- რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენა ვერ მოხდება სასამართლოს მიერ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ გამოიწვევს სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას მიეცემა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და მისი თანხმობით ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში.
მოხელის შეფასება
ახალი მოწესრიგება ამცირებს მოხელის შეფასების პერიოდულობას, რაც 1 წლის ნაცვლად 6 თვე იქნება. ახალი მოწესრიგება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მოხელეს დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. აღნიშნული მოწესრიგება ქმნის საფრთხეს, რომ მოხელის შეფასება დაუსაბუთებლად და ბოროტად იქნეს გამოყენებული, როგორც მოხელეთა დასჯის მექანიზმი.