ბრიტანული ტელეკომპანია sky news ვებ გვერდზე ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ სტატია ქვეყნდება, სადაც ის მოხსენებულია „ქართული ოცნების“ მთავარ რუპორად და აღნიშნულია, რომ ის დიდ ბრიტანეთში მდებარე კომპანიიდან იმართება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს გამართული არჩევნების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება შეაჩერა, რამაც საპროტესტო აქციები გამოიწვია, ამას კი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა მოჰყვა, რასაც ტელეკომპანია იმედი ამართლებს.
დიდი ბრიტანეთის მმართველი ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი სტივ მაკდუგალი ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართულ კანონებს იღებს, თუმცა თავად მმართველი პარტიის წევრები საკუთარი ქონებისა და ოჯახის წევრებისთვის ისეთ ქვეყნებს ამჯობინებენ, სადაც კანონის უზენაესობა და სამართლიანობაა.