"ვგმობთ პარტია "ქართული ოცნების" არაპროპორციულ და გაუმართლებელ ძალადობას, მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა" | CoD-ის წევრი ქვეყნები

გამოქვეყნდა:

"დემოკრატიათა თანამეგობრობის" მმართველი საბჭოს წევრები (კანადა, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართელოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და პარტია "ქართული ოცნების" არაპროპორციულ და გაუმართლებელ ძალადობას, მოქალაქეების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, მკაცრად გმობენ.

"ჩვენ მოვუწოდებთ, "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ცდილობს გამოიყენოს თავისი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება - რომლის პატივისცემაც შედის 2000 წლის ვარშავის დეკლარაციის პრინციპებში", - წერია CoD-ის განცხადებაში.
 

გარდა ამისა, საბჭოს წევრი ქვეყნები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისა და ბოლო საარჩევნო პროცესის გამო.

"დემოკრატიათა თანამეგობრობის მმართველი საბჭოს ხელმომწერი წევრები იყენებენ ამ შესაძლებლობას და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობისა და მისი მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზე, ისევე როგორც ერთგულებაზე, ასევე დაუბრუნდეს მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს და ჩაატაროს გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება დაფიქსირებული დარღვევების შესახებ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს და მის წინ", - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი