ომბუდსმენთან არსებული შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრების განცხადებით, იოსელიანმა მათთან ჩანიშნული შეხვედრა გადადო

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ლევან იოსელიანმა მათთან ჩანიშნული შეხვედრა იანვრამდე გადადო. საბჭოს განცხადებით, ეს მიუთითებს სახალხო დამცველის მიერ ხსენებული საკონსულტაციო მექანიზმის არასერიოზულად აღქმაზე:

"ჩვენ,  სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრები, საბჭოს დებულების შესაბამისად მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ მოიწვიოს საბჭო, რათა საფუძვლიანად იქნას  განხილული ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, როგორც შშმ პირთა უფლებათა ჭრილში, ისე მეინსტრიმ. აღსანიშნავია, რომ ყველა საკითხი რაც ქვეყანაში ქმნის კრიზისულ მდგომარეობას, არათანაბრად მწვავედ აისახება შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე.  ამავე საბჭოს დებულების თანახმად, მოწვეულმა წევრებმა მოვითხოვეთ სხდომის ჩანიშვნა ომბუდსმენთან,  რაზეც მივიღეთ დადებითი პასუხი. სხდომის პროცესში გვსურდა დღის - წესრიგში იმგვარი საკითხების ასახვა, რომლებიც პირდაპირ გამოკვეთენ შშმ პირთა უფლებების სავარაუდო დარღვევას. 

კერძოდ:

მედიაში გავრცელებული შშმ პირებისთვის პირადობების წართმევის ფაქტი;
 შშმ საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან; 
 შშმ პირთა ხმის ფარულობის დარღვევა;
დემონსტრანტი შშმ პირებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები  პოლიციის მხრიდან და დემონსტრანტი შშმ პირებისთვის თანაბრად უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებული გამოწვევები. 

თუმცა ამა წლის 16 დეკემბერს მივიღეთ ელექტრონული შეტყობინება, რომლის თანახმადაც შეხვედრა გადაიდო იანვრის პირველ ნახევრისთვის, იმ მიზეზით რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე შეხვედრის დაორგანიზება სირთულეს წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს სახალხო დამცველის მიერ ხსენებული საკონსულტაციო მექანიზმის არასერიოზულად აღქმაზე. მოგეხსენებათ, ეს საკონსულტაციო მექანიზმი სწორედაც რომ  უნდა განიხილავდეს და აიდენტიფიცირებდეს შშმ  პირთა უფლებრივ მდგომარეობას ქვეყანაში არსებული კრიზისული ვითარების პირობებში. 

ამდენად,  მოვითხოვთ საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას. მოვუწოდებთ სახალხო დამცველს სწორად გაიაზროს თავისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები მექანიზმის შეუფერხებელ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. " ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

ანა სიხაშვილი
ესმა გუმბერიძე 
 ნათია გოგოლაშვილი
კობა ნადირაძე
გიორგი ხიზანიშვილი
ეკა გაბადაძე
რუსუდან  მღებრიშვილი
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი