გორის მერიამ, მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საჯარო რეესტრს "გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან" დადებული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Qartli.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უზურფუქტის ხელშეკრულებით, სივრცე სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა ,,გორელ ფოტოგრაფთა კლუბს''. ამ შენობაშივე მდებარეობს ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული "ხელოვნების სახლი - Art House''.
გორის მერიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საგამოფენო სივრცეში საპროტესტო ინსტალაცია გაკეთდა სახელით: "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!". ინსტალაციის მიზანს პროტესტის ვიზუალიზაცია წარმოადგენდა. კერძოდ, კედლებზე წითელი საღებავით შესრულებული იყო 100-მდე წარწერა, სახურავიდან ჩამოჟონილი შავი საღებავი კი "გაყალბებულ არჩევნებს" განასახიერებდა.
"გორელ ფოტოგრაფთა კლუბს'' ხელშეკრულების ვადა 2026 წელს ეწურებოდა. თუმცა, მერიამ მისი შეწყვეტა ვადაზე ადრე მოითხოვა.
"გორელ ფოტოგრაფთა კლუბი'' სამართლებრივ დავას აპირებს.