იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა.
ჩხაიძის თქმით, ჭარბობს "ღორის გრიპი". მისივე განმარტებით, არის მოლოდინი, რომ იანვრის თვე მატების თალსაზრისით იქნება გამორჩეული.
"44-ე კვირიდან ფიქსირდება საქართველოში გრიპის შემთხვევები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები აღმავალ მრუდზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატება შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ იანვრის თვე იქნება გამორჩეული, პიკის მოლოდინი დეკემბერ-იანვრის პერიოდში გვაქვს. თუმცა, ეს სტატისტიკა ექვემდებარება ანალიზს...
ბოლო 2 კვირაში, 49-ე კვირას, გრიპის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 12% იყო, 50-ე კვირას, დეკემბერში 2-ჯერ მეტი გვაქვს. დღეს საქართველოში, გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25% არის. გრიპი დომინანტურია ახლა ქვეყანაში. თუ წინა კვირებში ძირითადად "ა" ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა გამოჩნდა "ბ" ტიპის ვირუსი. 25%-დან 2% არის „ბე“ ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი "ღოპის გრიპი". ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე...
ჩვენს კლინიკაში, ახლა ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია. შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე", - განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ "მთავარში".