18 წლის აქტივისტი სანდრო ქინქლაძე, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორი 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გუშინ, გვიან საღამოს დატოვა, დაკავების დეტალებზე "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს და ერთ-ერთი მოძალადე პოლიციელის ვინაობასაც ასახელებს:
"მეზობლის სახლიდან გამიტაცეს. ის ვინც გამიტაცა არც პოლიციის მანქანით იყო, არც ფორმა ეცვა. კრიმპოლის განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, იყო გინება, ლანძღვა, ადვოკატს და ექიმს ვითხოვდი და პასუხი არ მიმიღია. იქ რაც ვნახე, იყო ძალადობის სახე. ერთ- ერთის სახელი გვარი მახსოვს - დომენტი ხოშტარია იყო. მეხუთე სართულზე რომ ამიყვანეს, მანდ ვიცოდი რომ არ უნდა შემშინებოდა. ყველაფერი რის წინააღმდეგაც ვიბრძოდი, იმ ოთახში იყო. ცდილობდა ჩემ გატეხვას, შეშინებას, ეს ხალხი არ იყვნენ ადამიანები სახელ გვარებით, ეს იყვნენ რეჟიმის წარმომადგენლები" ამბობს ქინქლაძე "დღის სტუმრის" ეთერში.
ქინქლაძის თქმით, მის სასამართლო პროცესზე ცრუ მოწმე პოლიციელები გამოვიდნენ, რომლებმაც კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობად ის ფაქტი დაასახელეს, რომ ახალგაზრდამ აქცია არ დატოვა წყლის ჭავლის გაშვების გაფრთხილების შემდეგ. ქინქლაძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ცრუ მოწმე პოლიციელი ირაკლი აბშილავა იყო, რომელიც ოქმში მის დამკავებლადაა მითითებული, თუმცა დაკავების დროს ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და ახალგაზრდა აქტივისტმა პირველად იზოლატორში ნახა.