თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებას ემიჯნებიან და მას ორაზროვანს და ბუნდოვანს უწოდებენ.
"ჩვენ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები კვირაზე მეტია ვიბრძვით უნივერსიტეტის ღირსეული განცხადებისთვის. უკვე ოთხი დღე-ღამეა ვიკავებთ ფოიეს. ადმინისტრაციამ ყველა პირობა შეგვიქმნა იმისთვის, რომ ფოიეში ჩვენი გაჩერება გაუსაძლისი გამხდარიყო.
გუშინ უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ორაზროვანი და ბუნდოვანი განცხადება, რომელიც ზუსტად ასახავს მათ პოზიციას და წარმოადგენს უნივერსიტეტის სახეს.
ჩვენ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა სოლიდარულები ვართ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაშავებული თუ უკანონოდ დაკავებული ადამიანების მიმართ და ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
უნივერსიტეტი არასდროს აჟღერებდა და არც ახლა აჟღერებს სტუდენტების პოზიციას. ვემიჯნებით მათ მიერ გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებას.
დღეს ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს, რომელიც გულისხმობს უკანონოდ, უსაფუძვლოდ, უსამართლოდ რეჟიმის მიერ დაკავებას. ეს არის უნივერსიტეტი რომელიც საკუთარ სტუდენტს გვერდში არ დაუდგება, არ დაიცავს და რეჟიმის ხელში უკიდურესი უსამართლობის წინააღმდეგ მარტო დატოვებს.
ჩვენი პროტესტი ყოველდღიურად ძლიერდება! ძალა სტუდენტების ერთობაშია!" - ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქციაზე დაზარალებულების შესახებ განცხადება 19 დეკემბერს, სტუდენტების პროტესტის შემდეგ, გაავრცელა.
"უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ჩვენს კურსდამთავრებულებს – გიორგი მახარაძეს,
თათა თავდიშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, ავთო დიასამიძეს და სხვებს.
მხარს ვუჭერთ დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით. მათ შორის მსახიობებზე – ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე," - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.