"დასკვნა არის კიდევ ერთი საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს" | ენჯეოების განცხადება ეუთო/ოდირის დასკვნაზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული დასკვნა არის კიდევ ერთი საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს. 

"ჩვენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვეხმიანებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშს, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ანგარიში უკიდურესად კრიტიკულია და დეტალურად ასახავს დარღვევათა იმ ერთობლიობას, რაც გამოვლინდა საპარლამენტო არჩევნების დროს. ეუთო/ოდირის საპარლამენტო არჩევნების შეფასებები თანხვედრაშია ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნებზე გაკეთებულ ძირითად მიგნებებთან და შეფასებებთან. აღნიშნული დასკვნა არის კიდევ ერთი საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს. 

ეუთო/ოდირის შეფასებით საპარლამენტო არჩევნების დროს , როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში, გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევები, რაც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის წინაშე საქართველოს ვალდებულებებსა და არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებს. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი და ხშირ შემთხვევაში დაჩქარებული წესით ცვლილება, რომელიც ეჭვს აჩენს მისი პოლიტიკური მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გაუარესება და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. 

წინასაარჩევნო პერიოდში წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ფინანსური უპირატესობის გამოყენება. ასევე ამომრჩევლების დაშინება, ზეწოლა საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, რის საფუძველზეც შესაძლოა ზოგიერთმა ამომრჩეველმა თავისუფლად ვერ გააკეთა არჩევანი და ხმა ვერ მისცა შიშის გარეშე. 

მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის მიხედვით პროცედურულ-ტექნიკურად არჩევნების დღე ძირითადად ორგანიზებული იყო, იგი გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ამომრჩეველზე ზეწოლის ფართომასშტაბიანი შემთხვევების გამო. ამომრჩეველზე ზეწოლა, მათი აღრიცხვა ძირითადად მმართველი პარტიის მიერ ხორციელდებოდა. მრავალ საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა გადატვირთულობა, ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა. გარდა ამისა ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირებისა და დაშინების ფაქტებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად აწარმოებდნენ უბნებზე ვიდეო გადაღებას, რამაც შესაძლოა დამაშინებელი ეფექტი იქონია ამომრჩეველზე. 

უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული საარჩევნო დავების განხილვის პროცესი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დავების გადაწყვეტის ეფექტურობა შეზღუდული იყო ამომრჩეველთა მიერ საჩივრის შეტანის უფლების შეზღუდვით, პროცედურული ხარვეზების, კანონმდებლობის ბუნდოვანებისა და მისი გამოყენებისას პრაქტიკულობასთან შეუსაბამობის გამო. საარჩევნო დავების დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით, ხშირ შემთხვევებში არსებითი განხილვის გარეშე. 

საერთო ჯამში, პოსტსაარჩევნო დავების განხილვამ, საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში ძირი გამოუთხარა გასაჩივრების პროცესის უფლებას, ვერ უზრუნველყო ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება და ვერ უპასუხა ფართოდ გავრცელებულ წუხილებს არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით. საარჩევნო პერიოდში დაბალი იყო ნდობა სამართალდამცავი ორგანოების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს მიმართ, პოლიტიკურად სენსიტიური საკითხების ეფექტურად და მიუკერძოებლად განხილვის თვალსაზრისით. 

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია არჩევნების შემდგომ პერიოდში "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეთა პროტესტი, რასაც მოჰყვა შეკრების იძულებით ჩახშობის მცდელობა, დემონსტრანტების მასობრივი დაკავება, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. 

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტული მეთოდების პრევენციისთვის ეუთო/ოდირი განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რომ მისი მანდატი არ მოიცავს არჩევნების აღიარებას და ცნობას. ის აფასებს ეუთოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებების შესრულებას არჩევნებთან მიმართებაში, ეს კი შესაძლებლობას აძლევს ქართველ ხალხს თავად შეაფასოს არჩევნების ჩატარების ხარისხი," - განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი