წამება, არაადამიანური მოპყრობა და გაუპატიურების მუქარა ხარებას სადამსჯელო რაზმის ხელწერად იქცა. ამბები რომლებსაც მომიტინგეები ყვებიან მოსასმენად მძიმე და გასააზრებლად რთულია, თუმცა ყველა რეალურია. ერთიანობაში კი სისტემური დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებაა, რისი შემჩნევად ივანიშვილის რეჟიმს არ სურს.
20 წლის დავით გოგილაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მოძალადე პოლიციელებმა სასტიკად სცემს. ის ნიღბიანების სამიზნე მაშინ გახდა, როდესაც მიტინგიდან სახლში ბრუნდებოდა. გოგილაშვილი იხსენებს რომ ხარებას მოძალადეები მას თავს სახლთან რამდენიმე მეტრში დაესხნენ და ჯგუფურად სცემეს. წაქცეულს იმდენი ურტყეს ვიდრე არ დაიღალნენ. მისივე მონათხრობით, მასზე ძალადობას ერთ-ერთი მობილური ტელეფონით იღებდა. სავარაუდოდ ხარებასთვის რომ ეჩვენებინათ როგორ დასაჯეს ახალგაზრდა რომელიც მანამდე აქციაზე იყო.
დავით გოგოლაშვილის წამება ამით არ დასრულებულა. ის იხსენებს რომ ხარებას სადამსჯელო რაზმის წევრებმა მისი ცემა მაშინაც გააგრძელეს, როცა დასისხლიანებული პატრულს იზოლატორში გადასაყვანად გადასცეს.
გოგილაშვილი იხსენებს რომ მის მიმართ ძალადობა თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობაშიც გაგრძელდა, თუმცა ამ შემთხვევაში დაკავებულ და უკვე ნაცემ მომიტინგეზე უნიღბო პოლიციელები ძალადობდნენ. არაერთი თხოვნის მიუხედავად სამედიცინო დახმარებაზეც უარს ეუბნებოდნენ.
20 წლის გოგილაშვილი ხარებას სადამსჯელო რაზმმა მხოლოდ ფიზიკურად არ დააზარალა. ცემის დროს ნიღბიანებმა მას მობილური ტელეფონი მოპარეს.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ გოგილაშვილის ტელეფონში აიქლაუდი ამ დრომდე ჩართულია. როგორც ჩანს, ხარებას მოძალადეებმა მხოლოდ მომიტინგეების ცემა იციან ტექნიკასთან კი ვერ მეგობრობენ. ამ სასარგებლო შეცდომის გამო გოგილაშვილმა ზუსტად იცის სად მალავენ მის მობილურს, თუმცა დაბრუნებას ვერ ახერხებს.
მობილურის მონაცემებით მოპარული ტელეფონი დიდ დიღომში, მირიან მეფის 37 ნომერთან იძებნება, სავარაუდოდ აქ ცხოვრობს ის სპეცრაზმელიც, რომელმაც აქციის მონაწილეს მობილური მოპარა.
20 ნოემბერს გამთენიას ხარებას რაზმმა სასტიკად სცემა ავთანდილ ტიტვინიძეც, აქციის მონაწილეს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვს. დემონსტრანტი იხსენებს, რომ იმ ღამით რუსთაველის გამზირზე რამდენიმე მოქალაქესთან ერთად რობოკოპების პირისპირ იდგა რა დროსაც ნიღბიანებმა ის დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ.
ახალგაზრდა მომიტინგის დაკავება ჩვენი კამერების ობიექტივში მოხვდა. მასალაში კარგად ჩანს როგორ მიჰყავს ტიტვინიძე ორ ნიღბიანს ბესიკის ქუჩის კუთხიდან პარლამენტის მიმართულებით. ტიტვინიძე გვიყვება რომ დაკავებისას პოლიციელებს არ უცემიათ. მისი კოშმარი მაშინ დაიწყო, როცა ტელეკამერებს გაცდნენ და რობოკოპების კორდონს მიღმა აღმოჩნდნენ. ხარებას რაზმის წევრებმა მისი უმოწყალოდ ცემა პოლიციის მიკროავტობუსთან მიყვანისთანავე დაიწყეს.
იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, ახალგაზრდა მოინახულა ექიმმა, რომელმაც ჩათვალა, რომ მას სამედიცინო დახმარება არ სჭირდებოდა. ტიტვინიძე იზოლატორში გატარებული ორი დღის განმავლობაში კლინიკაში გადაყვანას მუდმივად მოითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს ექიმის ოთახში მხოლოდ ერთხელ შეიყვანეს, ისიც მხოლოდ იმ მიზნით რომ მისი დამცირება და შეურაცხყოფა გაეგრძელებინათ.
უმძიმესი ფაქტების შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა. 26 წლის ქალის მონაყოლით დაკავების შემდეგ სანქცირებული ხარებას რაზმის წევრები მას აქციაზე ყოფნის გამო გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ქალი, რომელიც საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს სამართლებრივ ბრძოლას ანონსებს და დარღვეული უფლებების აღსადგენად ბრძოლას აპირებს.
ასეთი ისტორიები 28 ნოემბრის შემდეგ ბევრია. სისტემამ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტრავმა ამ 24 დღის განმავლობაში არაერთ ადამიანს მიაყენა. ნიღბიანი მოძალადეების სისასტიკის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულებაც არსებობს, თუმცა ქვეყანაში არ არის უწყება რომელიც სახე დაფარული პოლიციელების ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს გამოიძიებს. ამის გამო ამ დრომდე დაუსჯელები არიან მომიტინგეებზე ძალადობის ბრძანების გამცემებიც და შემსრულებლებიც.