საახალწლო კონცერტები გაუქმებულია | მუსიკოსების დიდი ნაწილი 2025-ს რუსთაველის გამზირზე შეხვდება

გამოქვეყნდა:

საახალწლო კონცერტების უმეტესობა ან გაუქმებულია, ან განუსაზღვრელი ვადით გადადებული. შეკრების ადგილი ახალი წლის ღამესაც რუსთაველის გამზირია. ასე გადაწყვიტეს მათ, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ახალი წლის პერიოდი ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ყველაზე შემოსავლიანი დროა, მიუხედავად ამისა მომღერლები  უარს ამბობენ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობაზე.

ისტორიული კურსის დაბრუნება ის მთავარი მოთხოვნაა, რომლის გარშემოც საზოგადოება გაერთიანდა, ბრძოლის გადადება კი დღესასწაულებზე შეუძლებელია.

სოციალურ ქსელებში მომღერლებისა და მუსიკოსების პოსტები ვრცელდება, ეს მსმენელთან კომუნიკაციის მთავარ საშუალებად იქცა - ყველამ ასე გაიგო, რომ ამ ახალ წელს არც თამადა იქნება.

სანამ საახალწლო ღონისძიებებს გააუქმებდა თამადამ კიდევ ერთი სიმღერა ჩაწერა, მაგრამ ცხადია არა - სადღესასწაულო.

მათ ვინც ახალ წელს სიმღერაზე უარი თქვა ახლა საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს, ამ მომღერლების რიგებშია ლელა წურწუმიაც, რომელმაც ათობით კონცერტი გააუქმა.

კონცერტები  იქამდე გადაიდო, სანამ ხელისუფლება ერთად არ გაათავისუფლებს, როგორც ჩვენს სამშობლოს, ასევე მისი ევროპული მომავლისთვის მებრძოლ - უკანონოდ დაკავებულ ახალგაზრდებს.

ეს ის პროტესტია, რომელმაც ყველა გააერთიანა, ისინი ვინც მუსიკას უსმენს და ისინიც ვინც მუსიკას ქმნის 20 დღეზე მეტია დედაქალაქის მთავარ გამზირზე, მთავარ ბრძოლაში ერთად დგანან.

წლევანდელი ახალი წელი ყველაზე ღირსეულად რუსთაველის გამზირზე დადგება, სადაც არ დაგხვდებათ სცენა, არ იქნება მუსიკალური ნომრები, მაგრამ იქ იდგება ყველა, ვინც ყველაფრის მიუხედავად სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლა აირჩია.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი