21 დეკემბერს ოზურგეთში გამართულ საახალწლო ღონისძიებაზე ოზურგეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი 10 ადამიანს მიენიჭა. საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით 5 000 - 5 000 ლარი ვანო ჩხარტიშვილმა გადასცა. დაჯილდოებულთა შორის იყო ამირან ჯანელიძე, იგივე ამიკო, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში წლების განმავლობაში პერიოდულად ხვდებოდა. წლების წინ საზოგადოებამ ის როგორც რეპერი გაიცნო. მოგვიანებით ის ბერა ივანიშვილის გარემოცვაში გამოჩნდა და მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაცაა.
ამიკო ჯანელიძის სახელმა გაიჟღერა 2021 წელს გამოქვეყნებულ სკანდალურ ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ 2016 ან 2017 წელს არის გაკეთებული. ჩანაწერებში საუბარია პირებზე, რომელთა დასჯასაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ითხოვს მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო. ჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, ამიკო ჯანელიძე აქტიურად მონაწილეობს ბერასთვის არასასურველი პირების დასჯაში.
წლებია ამირან ჯანელიძე "ბლექ სი არენას" ხელმძღვანელ პირებშია. ის გარკვეული პერიოდი დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე იყო ამჟამად კი "ბლექ სი არენას" და ფილარმონიის სტრატეგიული განვითარებისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.
ამიკო ჯანელიძეს ჯილდო ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა.
ოზურგეთის მერიის ფეისბუკგვერდზე ამიკო ჯანელიძის დაჯილდოების არგუმენტად ნათქვამია, რომ „მისი მხარდაჭერით, ოზურგეთი მოინიშნა გასართობი ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე. მან დაგეგმა და განახორციელა ციფრული მარკეტინგული კამპანია, რომელიც გასცდა საქართველოს საზღვრებს და მოიცვა ათამდე მეზობელი ქვეყნის აუდიტორია.“