არასამთავრობოების ინფორმაციით, სისხლის სამართლის წესით, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, აქციების 30-მდე მონაწილეა დაკავებული

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, სისხლის სამართლის წესით აქციების 30-მდე მონაწილეა დაკავებული, რომელთა წინააღმდეგაც სასამართლომ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა, მოგვიანებით კი ორ მათგანს ალეკო ელისაშვილსა და ერთ არასრულწლოვანს გირაოთი შეუცვალა. ამ დრომდე არც ერთი მოძალადე პოლიციელი დაკავებული არაა, მეტიც, გირაოთი გათავისუფლდნენ არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრები.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგები წარადგინეს:

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებულია აქციაში მონაწილე 30-ზე მეტი პირი. მათი ასაკი იწყება 19 წლიდან. დაკავებულებს შორის 10-მდე სტუდენტია, მათ შორის არიან ექიმი, ჟურნალისტი, მსახიობები, აკადემიური სფეროსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილე ყველა პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა აღკვეთის ყველაზე მძიმე ღონისძიება -  პატიმრობა, მოგვიანებით ალეკო ელისაშვილისა და ერთი არასრულწლოვანის მიმართ, სასამართლომ პროკურატურის მიმართვის საფუძველზე გირაო გამოიყენა. ამის პარალელურად, არ არის დაკავებული არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილესა და ჟურნალისტს მიმართ განახორციელეს ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არაფორმალურ ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქუჩაში აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა." განაცხადა  „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, დაკავებულები და მათი ადვოკატები მიუთითებენ უკანონო პირად და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკებს, პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და მძიმე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე. 

 "აქციის 2 მონაწილე დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ ფლობის ბრალდებით. ერთ ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ აქციიდან მომავალს პოლიციამ მოწმეთა დასწრებისა და ვიდეოჩანაწერის გარეშე უკანონოდ ჩაუტარა ჩხრეკა და ჩაუდო ნარკოტიკი, ხოლო მეორე დაკავებული მიუთითებს როგორც ნარკოტიკის ჩადებაზე, ასევე დაკავების შემდგომ, ღირსების შემლახავ მოპყრობაზე" აღნიშნავს ლომჯარია.

როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, ბრალდებები, სადაც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულებს ედავებიან დაკავებულებს, შაბლონურია და არ არის გამოკვეთილი რაში გამოიხადა თითოეული დაკავებულის  როლი "დანაშაულის ჩადენაში",  რადგან საქმეებში არ არსებობს მტკიცებულებები. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი