არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მზარდ მასშტაბს იძენს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურად ემიჯნებიან ოლიგარქიული რეჟიმის პოლიტიკას და გმობენ არჩევნების გაყალბების შემდეგ "ქართული ოცნების" მიერ ხელისუფლების უზურპაციას. ამჯერად ივანიშვილსა და მის გუნდს კულტურის სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ შეწყვიტოს ქვეყნის კრემლის გავლენის ქვეშ მოქცევის მცდელობა.
მუსიკოსები, მხატვრები და მსახიობები აცხადებენ, რომ არ შეიძლება ქვეყნის მმართველობაში თვითგამოცხადებული მთავრობა იყოს, მათი თქმით, კრიზისიდან გამოსასვლელად უნდა შედგეს ახალი არჩევნები და უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
"ახალ წელს არ ექნება ის სახე, რომელსაც ჩვენ ყველანი მიჩვეულნი ვართ, რადგან უდანაშაულო ადამიანები სხედან ციხეში. ჩვენ, როგორც შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანები, ჩვენს წვლილს შევიტანთ იმაში, რომ ახალი წელი იმ სახით, რა სახითაც მიჩვეულნი ვართ, არ დადგეს საქართველოში."- აცხადებენ ხელოვანები.