რამდენიმესაათიანი შეხვედრა და ბიზნესმენების დაშოშმინების მცდელობა | როგორ ჩაიარა არალეგიტიმური პრემიერის შეხვედრამ ბიზნესსექტორთან

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური პრემიერისგან ტყუილი, აღარავის უკვირს, მაგრამ მორიგი სიცრუე იყო ის, რომ ირაკლი კობახიძეს ბიზნესისთვის კრიზისიდან გამოსავლის გეგმა ჰქონდა. მთავრობის ადმინისტრაციაში სულ ასამდე ბიზნესმენი მივიდა, ძირითადად "ოცნების" რეჟიმის მხარდამჭერები. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ან სახალხო პროტესტს უერთდება ან ფიქრობს, რომ კრიზისი, რომელიც რეჟიმმა შექმნა კიდევ უფრო გამწვავდება და გამოსავლის გზაზე ახლა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.

იყვნენ ისეთები, ვინც პირდაპირ ვერ ამბობდა, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის გზად არჩევნებს და რეჟიმის ტყვეებს მიიჩნევდა, მაგრამ ვერ მალავდა, რომ "ქართული ოცნების" ძალადობრივ პოლიტიკას და სანქციებს ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები მოჰყვა და ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდება.

ამ შეხვედრას თავიდანვე ეტყობოდა, რომ არალეგიტიმური პრემიერის გამხნევებას უფრო ემსახურებოდა. სხვა შთაბეჭდილებას ვერ გააჩენდა "ოცნების" პროპაგანდისტის ნოშრევან ნამორაძის ის თავგანწირვა, რომლითაც მედიას უმტკიცებდა, რომ ბიზნესი მშვიდად სუნთქავს, თავად კი მზად არის სანქციებს მედგრად დახვდეს. ნამორაძის ეს ერთგულება გასაგებია, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი თითქმის ნახევარ ქალაქში ეწევა სამშენებლო საქმიანობას, უამრავ მიწის ნაკვეთს ფლობს შეკვეთილში ივანიშვილის სამეზობლოში და ღარიბაშვილის ფინანსურ აქტივებს განაგებს, სწორედ ამიტომ ეძახიან "ოცნების" მოლარეს.

"ოცნების" რეჟიმის პროპაგანდის გამეორება არ დაუკლია ბიზნესმენ ზურა ჩხაიძეს, რომელიც რუსული კანონის მხარდამჭერი და "ოცნების" პარტიული შემომწირველია. მშვიდობაზე საუბრობდა "იტონგ კავკასუსის" დირექტორი, არქის შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც დაიჯერა, რომ "ოცნების" რეჟიმი ევროპისკენ მიდის.

ბიზნესმენები, რომლებიც ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე უნდა ზრუნავდნენ, დღეს ამტკიცებდნენ, რომ კრიზისიდან "ღმერთის ნებით გამოვალთ და რომ ყველაფერი კარგად იქნება".

ამ დროისთვის ქვეყანაში 2200-ზე მეტი ბიზნესმენი და კომპანია დარეგისტრირდა თავისუფალი ბიზნესის პორტალზე და ხელს აწერს პეტიციას, რომელიც ახალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. მათი უმრავლესობა არალეგიტიმურ პრემიერთან შეხვედრაზე არც კი მივიდა, იმიტომ რომ სამსჯელო არაფერი აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი