"მომავალი ექიმების მარში" - დღეს, 24 დეკემბერს სამი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი აქცია-მსვლელობა გაიმართება.
სტუდენტები ვაკის პარკთან, 18:00 საათზე შეიკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივლენ.
"თბილისის სამედიცინო აკადემიის პირველკურსელების ორგანიზებით, დაიგეგმა მარში, საქართველოში ტოპ სამი სამედიცინო უნივერსიტეტის გაერთიანებით. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უერთდებიან ჩვენს ინიციატივას და ვერთიანდებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გასაპროტესტებლად.
ჩვენს ინიციატივას შემოუერთდნენ კავკასიის მედიცინისა და თსუს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ სტუდენტებს გვსურს, რომ ექიმებიც დამოუკიდებელ და ევროპულ საქართველოში გავხდეთ, სადაც ადამიანის უფლებები, ჯანმრთელობა და თავისუფლება დაცულია. წამოიღეთ თეთრი ხალათები და დროშები", - წერია ღონისძების ანონსში.