სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „იმერმედი – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში (თერჯოლამედი)“ არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულეს, დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ პაციენტებსა და განყოფილების პერსონალს.
ომბუდსმენის აპარატი დაწესებულებაში მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე წერს:
"უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემები. იქ მყოფ პაციენტებს არ აქვთ სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა; შენობაში გამოწვევაა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა. ამასთან ხშირია ერთი და იგივე პირების სტაციონირების შემთხვევები, რაც გამოწვეულია რეგიონში სათემო სერვისების ნაკლებობით.
მკურნალობის პროცესში პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილნი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციური ინტერვენციებით და ნაკლებადაა გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები. ცენტრი განიცდის საჭირო პერსონალის/სპეციალისტების სიმცირეს." ნათქვამია ინფორმაციაში.