"წინასწარი პატიმრობა პროკურატურის ხელში პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღია" | ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებულების წინასწარი პატიმრობის შეფასება

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებული პირების წინასწარი პატიმრობის შეფასებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ "ბრალდებულს პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს, თუ აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით და რომ წინასწარი პატიმრობა პროკურატურის ხელში პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღია".

საუბარია საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 6 მოქალაქეზე: ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძეს, გურამ მირცხულავას და ონისე ცხადაძეს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) ჩადენაში.

"რითი დაასაბუთა პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის აუცილებლობა:

2024 წლის 6 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ექვსივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. პროკურატურის მტკიცებით, არსებობდა ამგვარი ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი. ფაქტობრივ საფუძვლად პროკურატურამ მიუთითა "მტკიცებულებით ერთობლიობაზე", რომ ბრალდებულებმა თითქოსდა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაული.

ფორმალურ საფუძვლებად, კი პროკურატურამ დაასახელა ბრალდებულების მიმალვის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, აგრეთვე, ის გარემოება, რომ მათ ბრალი დაედოთ ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც გათვალისწინებულია საპატიმრო სასჯელი. საქართველოს კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ბრალდებულს პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს, თუ აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა. დასაბუთების ვალდებულება მოიცავს პროკურატურის ტვირთს, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებითაც შეიძლება დამტკიცდეს აღკვეთის ღონისძიების მოცემული საფუძვლის რეალურობა. მოცემულ შემთხვევაში პროკურატურას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირს ხსენებული საფრთხეების რეალობაში დაარწმუნებდა. პროკურატურა მხოლოდ ზოგადი, აბსტრაქტული ხასიათის მსჯელობით შემოიფარგლა", - წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ "აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, განსაკუთრებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენს. იშვიათად ხდება, რომ ასეთ საქმეებში სასამართლოები არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას იყენებენ. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო ღონისძიება მაინც გამოიყენება, ამის ინიციატორი უფრო თავად პროკურატურაა, ვიდრე სასამართლო. ნამდვილი სასამართლო კონტროლი ამ სფეროში უბრალოდ არ არსებობს. საქართველოს სახელმწიფომ არაერთი საქმე წააგო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სწორედ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო".

TI-ში განმარტავენ, რომ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი გამოიტანდა დასკვნას, რომ ბრალდებულების მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მოსამართლე მჭედლიშვილის მხრიდან იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება და კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა "ქართული ოცნების" პირობებში დემონსტრანტების სამაგალითოდ დასჯისთვის გამოიყენება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი, ონისე ცხადაძე მათი პოლიტიკური მოსაზრებებისა და საპროტესტო აქციებზე აქტიურობის გამო ისჯებიან, მით უმეტეს, რომ ორივე მათგანი პოპულარული ადამიანია და საზოგადოებაზე გარკვეული გავლენით სარგებლობს.

"რაც შეეხება ამ საქმეში მყოფ უკრაინის მოქალაქეს, ჯერ ერთი, არსებობს ეჭვი, რომ რუსლან სივაკოვი შეიძლება არ იყოს უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ასეც რომ იყოს, მისი დევნა, სავარაუდოდ, უკრაინის და უკრაინელების საწინააღმდეგო სამთავრობო ნარატივის გაძლიერებისთვის ჭირდებოდათ. როგორც ცნობილია, აქციების მიმდინარეობის დროს სამთავრობო პროპაგანდა აქტიურად ავრცელებდა ნარატივს უკრაინელი მოქალაქეების ვითომდაც ძალადობაში მონაწილეობის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე ემსახურება იმ მიზანსაც, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს შიში იმისა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა შეიძლება გახდეს ნებისმიერი მონაწილის მიმართ ამგვარი უსამართლო და უკანონო დევნის განხორციელების საფუძველი", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი