დედაქალაქის პარალელურად, 29-ე დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ზუგდიდშიც. აქციის მონაწილეები სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ.
მათი მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას უკანონოდ დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
"წარმოუდგენელია დე ფაქტო ხელისუფლებამ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას ყველანაირი ლეგიტიმაციის წყარო გამოეცალა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ვნახეთ, რომ ის ბოლო პერიოდში ხავსს იყო მოჭიდებული, ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდებოდა, მაგრამ ეუთო/ოდირის დასკვნა ერთი-ერთში დაემთხვა ქართული სადამკვირვებლო მისიების შემაჯამებელ ანგარიშს. ეს არჩევნები არ იყო ქართველი ხალხის ნების გამოხატულება, ამდენად არალეგიტიმური ხელისუფლება, არალეგიტიმური მთავრობა, არალეგიტიმური პარლამენტი არ არის უფლებამოსილი აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც წარუძღვება ქართველი ხალხის ნებას... წარმოუდგენელია ასეთი ადამიანი გამოხატავდეს ქართველ ხალხს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ... ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ დე ფაქტო ხელისუფლება არ მიიღებს იმ ორ გადაწყვეტილებას რასაც ვითხოვთ," - განაცხადა აქციის მონაწილემ.
ავტორი: ემა გოგოხია