აშშ-ის მიერ სანქციების გამო, ივანიშვილი, სპეციალური თანხმობის გარეშე, Credit Suisse-სთან მოგებულ თანხას ვერ მიიღებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ, ოლიგარქი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან სინგაპურში მოგებულ თანხას სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილი სახაზინო დეპარტამენტის სანქციადაკისრებულთა, SDN სიაში დაემატა. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.

ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილებასთან ერთად, სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა "გენერალური ლიცენზია #116". აღნიშნული ლიცენზია ავტორიზებას ანიჭებს ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიების მონაწილეობით ფინანსურ ტრანზაქციებს. რაც ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ტრანზაქციები აკრძალულია, გენერალური ლიცენზიის ძალით, აშშ-ის მოქალაქეებს უფლება ენიჭებათ, რომ განახორციელონ ტრანზაქციები/ჩაერთონ ტრანზაქციებში ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტსაც ფლობს ბიძინა ივანიშვილი, თუკი ეს კომპანია ცალკე არ არის შეყვანილი SDN სიაში.

სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ლიცენზია არ ახდენს გარკვეული ტრანზაქციების ავტორიზებას, - მათ შორის სინგაპურის სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებულ და მასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებებში გათვალისწინებული ტრანზაქციების ავტორიზებას, - "თუკი ცალკე არ მოხდა ავტორიზება".

აკრძალვა ეხება "ნებისმიერი განაჩენის, ბრძანების აღსრულებას, მოგებას, მორიგების ხელშეკრულებას, რომელიც ასეთი სამართალწარმოებიდან მომდინარეობს, ან რაიმე ტიპის გადახდას, ტრანსფერს, ქონების გადატანას, ან სხვა ტრანზაქციებს".

ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ტრანზაქციები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ OFAC-ის დამატებითი თანხმობის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის განაჩენით, ივანიშვილმა UBS-ის საკუთრებაში არსებული Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა საბოლოოდ მოიგო, რის შემდეგაც დადგა საჭიროება ხელახლა შეფასებულიყო მილიარდერისთვის კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის მოცულობა. წინა განაჩენით ეს თანხა 742.7 მილიონი დოლარით იყო შეფასებული, თუმცა როგორც ირკვევა, საკომპენსაციო თანხა სასამართლომ საბოლოოდ 282 მილიონი დოლარით შეამცირა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება 21 სექტემბერს ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში გააკეთა, მაშინ მილიარდერმა თქვა, რომ კომპენსაციის მოცულობის დაზუსტება ორივე მხარის ექსპერტის ჩართულობით უნდა მომხდარიყო და ეს მხოლოდ ორი საათის საქმეს წარმოადგენდა, თუმცა Credit Suisse-ის ესქსპერტმა ამ საქმეს მთელი ორი თვე მოანდომა და სასამართლომ განაჩენი საბოლოოდ 30 სექტემბერს გამოიტანა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი