"საჯარო სტრუქტურებიდან გათავისუფლებულთა საათობრივად მზარდ არმიას დღეიდან უკვე მეც შევუერთდი," - 17 წელი საჯარო სექტორში მუშაობის შემდეგ სამსახურიდან საჯარო მოხელე, ლანა ქარდავაც, გაათავისუფლეს, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"საჯარო სტრუქტურებიდან გათავისუფლებულთა საათობრივად მზარდ არმიას დღეიდან უკვე მეც შევუერთდი და ასე დავასრულე თუ დამასრულებინეს საჯარო სექტორში ჩემი 17-წლიანი, უთვალავი ატესტაცია-კონკურს გავლილი მუშაობის სტაჟი.
ბიულეტენზე მყოფმა დღეს საღამოს მეილზე მივიღე ჩემი გათავისუფლების ბრძანება, რომელიც მატყობინებს, რომ სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად ჩემი პოზიციის (საშტატო ერთეულის) არსებობა საჭიროებას არ წარმოადგენს.
მოკლედ, თავის დროზე ნაციონალებს, „სისხლიან 9 წელს“ გადავურჩი, როცა ასევე ყოველთვის ხმამაღლა გამოვხატავდი სისტემის ძალმომრეობასა და უსამართლობაზე ჩემს პოზიციას, მაგრამ ვერ გადავურჩი „ღირსებით ევროპისკენ მიმავალი „ოცნების“ დაანონსებულ რეპრესიებს, რომლის სისრულეში მოყვანა შესაშური ოპერატიულობით დაიწყეს.
არ გვაპატიეს „უსამშობლო რადიკალებად“ და საბოტაჟის მომწყობებად შერაცხულებს ქვეყნის, ღირებულებებისა და კონსტიტუციის, საჯარო მოხელის ფიცის ერთგულება. ყველაზე მეტად კი არ გვაპატიეს ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის ღალატისგან ღიად, საპროტესტო პეტიციაზე ხელმოწერის ფორმით გამიჯვნა. პოლიტიკური ნიშნით ამ საყოველთაო რეპრესიების ტალღის დაძვრის მიზეზი სწორედ ეს გახდა.
ამასწინათ ვწერდი და ახლაც გავიმეორებ, რკინასავით მტკიცეა ჩემი პრინციპულობა და ბრძოლის ჟინი, როდესაც საქმე ჩემი გადაწყვეტილებისა და სიმართლის დაცვას, ქვეყნის მომავლის დაბნელებისგან დაცვას შეეხება. ეს ის მთავარი და ძირითადი, ეგზისტენციური შიშია ახლა, რომლის წინაშე მკრთალდება ყველა სხვა ყოფითი შიში, თუნდაც სამსახურის დაკარგვით გამოწვეული. ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად მითქვამს, მერიიდან და სამსახურიდან წამოსვლას ვინ დაეძებს, მთავარია, ქვეყნიდან წასვლა არ მომიწიოს მეთქი. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არ მოხდება. მჯერა, ჩვენთვის და ქვეყნისთვის ეს საშინელი განსაცდელიც ჩაივლის და აუცილებლად ვიცხოვრებთ მახინჯი რუსეთისგან მენტალურად და იდეოლოგიურად შორს მყოფ, ევროპულ საქართველოში, სადაც ადამიანის უფლება, თავისუფლება და ღირსება დაცული იქნება და არა ისეთივე ფეხქვეშ გათელილი, როგორც ახლაა.
ვიცი, რომ ყოველთვის ამაყად გავიხსენებ ამ ბრძოლაში ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისა და საჯარო მოსამსახურის მოკრძალებულ როლს, გავიხსენებ ეპიზოდებს, ადამიანებს, ამ განსაცდელთან სხვადასხვა ემოციით დაკავშირებულებს.
მერწმუნეთ, ეს განცდა - ღირსებისა და თავისუფლების, ღირებულებებისა და სინდისის ერთგულების, ისტორიის სწორ მხარეს ყოფნის - ყველა ხელფასზე, კომფორტზე, თანამდებობაზე, ძალაუფლებაზე და ფულზე ძვირფასია!
იმ რეაბილიტირებულ და განათებულ საქართველოში ვიღაცეები ალბათ უხერხულობას იგრძნობენ ან არ იგრძნობენ)) მათი გადასაწყვეტია. მე მათ ვუსურვებ, ნამდვილი და არა „ოცნების“ სლოგანისეული ყალბი ღირსებით იარონ ცხოვრებაში წინ.
ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, რომ მალე განათდება," - წერს ლანა ქარდავა.