"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის ანალიზს აქვეყნებს.
საია-ს ანალიზის მიხედვით, ეუთო/ოდირის მიგნებები არსებითად ემთხვევა ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს.სადამკვირვებლო მისიამ აღნუსხა ამომრჩეველზე ზეწოლის მრავალი ფორმა, მათ შორის, დაშინება, იძულება და მოსყიდვა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა ამომრჩეველთა შესაძლებლობას, გადაწყვეტილება თავისუფლად და შიშის გარეშე მიეღოთ.
ასევე, ეუთო/ოდირმა უარყო "ქართული ოცნებისა" და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენელთა მტკიცება, რომ მარკერის კვალის ბიულეტენის მეორე მხარეს გაჟონვით ფარულობა ვერ დაირღვეოდა. პირიქით, ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გზით ფარულობის დარღვევა შესაძლებელია. ხოლო, თუ ეს შესაძლებელია და უბნების მნიშვნელოვან ნაწილში დაფიქსირდა კიდეც, დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, ეს პრობლემა ყველა ტექნოლოგიურ უბანს შეეხება, მიუხედავად იმისა აღირიცხა თუ არა ყველა ცალკეული შემთხვევა.
ანალიზი:
"2024 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ორიდი) საბოლოო ანგარიში საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ეოგან მერფიმ, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ დოკუმენტში იდენტიფიცირეუბლმა მრავალი პრობლემამ უარყოფითი გავლენა იქონია არჩევნების მთლიანობაზე და შეარყია პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა. მისი განმარტებით, მისიის მანდატი გულისხმობს საარჩევნო პროცესის საერთაშორისო უნივერსალურ სტანდარტებთან მიმართებაში შეფასებას და არა არჩევნების ლეგიტიმურობის განსაზღვრას. ხოლო, ეუთო/ოდირის მიერ საარჩევნო პროცესის სრულყოფილი და მიუკერძოებელი შეფასების გაცნობის შემდეგ ამომრჩეველმა თავად უნდა განსაზღვროს არჩევნების ხარისხი.
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმურობისათვის აუცილებელია, იგი ჩატარდეს ამ ხუთი პრინციპის სრული დაცვით. აღსანიშნავია, რომ ეს პრინციპები არა მხოლოდ ქვეყნის უზენაესი კანონითაა განსაზღვრული, არამედ საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებია, რომლებიც დემოკრატიული და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს. ეუთომ, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას ახორციელებს, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამ პრინციპების მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირა.
ნიშანდობლივია, რომ ეუთო/ოდირის მიგნებები არსებითად ემთხვევა ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს. ამასთან, ორგანიზაციის დასკვნები გაიზიარა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის, “ქართულმა ოცნებამაც”, თუმცა, მათ მიერ მწვავედ კრიტიკული დასკვნის დადებითად შეფასება შეუსაბამო იყო ეუთო/ოდირის მიგნებებთან. არგუმენტი, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში გამოთქმული კრიტიკა არ უთანაბრდება იმ შეფასებებს, რომლებიც კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმებში, რეალური ოპოზიციის არარსებობის პირობებში ჩატარებული არჩევნების მიმართ გამოითქმის, ვერ ჩაითვლება საკმარის საფუძვლად საარჩევნო პროცესის პრობლემების გასამართლებლად. კრიტიკის შედარებითი ინტენსივობა არ აუქმებს იმ ფაქტს, რომ დემოკრატიული არჩევნების სტანდარტები სერიოზულად დაირღვა და ამით ზიანი მიადგა როგორც საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას, ასევე დემოკრატიული პრინციპების დაცვას.
ეუთო/ოდირის საარჩევნო მისიამ აღნუსხა ამომრჩეველზე ზეწოლის მრავალი ფორმა, მათ შორის, დაშინება, იძულება და მოსყიდვა. ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად აფერხებდა ამომრჩეველთა შესაძლებლობას, გადაწყვეტილება თავისუფლად და შიშის გარეშე მიეღოთ. განსაკუთრებული ზეწოლა ხორციელდებოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ადგილობრივ აქტივისტებზე, ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებზე და საჯარო სექტორის თანამშრომლებზე, რაც მათ არჩევანის თავისუფლებას საგრძნობლად ზღუდავდა.
ეუთომ ასევე ყურადღება გაამახვილა ამომრჩევლის ნების კონტროლის მავნე პრაქტიკაზე, რაც ძირითადად ხორციელდებოდა მმართველი პარტიის მიერ მივლენილი პირების საარჩევნო უბნებში და უბნებთან განლაგებით და მათ მიერ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების აღრიცხვით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აღნიშნულს განსაკუთრებულ გამოწვევად მიიჩნევდა, რადგან ქართულ რეალობაში მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების პირობებში ეს პრაქტიკა ამომრჩეველს კონტროლის განცდას უჩენს, რაც ამცირებს დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევანის გაკეთების ალბათობას და თესავს მათში შურისძიების შიშს.
არჩევნების დღე ხასიათდებოდა დაძაბული გარემოთი, სადაც ხშირი იყო დამკვირვებლების დაშინებისა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტები. ანგარიშში მოყვანილია შემთხვევები, სადაც ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ასევე მორალურ ზეწოლას ამომრჩევლებზე, რაც კიდევ უფრო ართულებდა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის განხორციელებას.
ეუთო/ოდირის ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული მოწყობილობების არაეფექტურმა გამოყენებამ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო ინსტრუქტაჟით იყო გამოწვეული, უბნების არასათანადო მოწყობამ და გადატვირთულობამ, მმართველი პარტიის მიერ დამონტაჟებულმა კამერებმა და ბიულეტენების გაჟონვამ ხმის ფარულობა პოტენციურად დაარღვია მისიის მიერ დაფარული უბნების 24%-ში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების წინასაარჩევნო ტესტირებებმა და ჩვენებებმა გამოავლინა პოტენციური დარღვევები ხმის მიცემის კონფიდენციალურობის ნაწილში, თუმცა აღნიშნული არ იქნა აღმოფხვრილი არჩევნების დღემდე.
ამგვარად, ეუთომ უარყო „ქართული ოცნებისა“ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენელთა მტკიცება, რომ მარკერის კვალის ბიულეტენის მეორე მხარეს გაჟონვით ფარულობა ვერ დაირღვეოდა. პირიქით, ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გზით ფარულობის დარღვევა შესაძლებელია. ხოლო, თუ ეს შესაძლებელია და უბნების მნიშვნელოვან ნაწილში დაფიქსირდა კიდეც, დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, ეს პრობლემა ყველა ტექნოლოგიურ უბანს შეეხება, მიუხედავად იმისა აღირიცხა თუ არა ყველა ცალკეული შემთხვევა. ეუთო/ოდირმა დაასასტურა, ის რასაც საიას დავები შეეხებოდა (2263 ელექტორნული ტექნოლოგიებით აღჭურვილი უბნების შედეგების ბათილობა), რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რაზეც პასუხისმგებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას ეკისრება.
არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო ვალდებული იყო შეექმნა ისეთ პირობები, რომ ამომრჩეველს არ დასჭირვებოდა საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული ინსტრუქციისგან განსხვავებული, დამატებითი, ინდივიდუალური ძალისხმევის გაწევა ან განსაკუთრებული ზომების მიღება საკუთარი არჩევანის კონფიდენციალურობის დასაცავად. სამწუხაროდ, ცესკომ ვერ უზრუნველყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ამ სტანდარტით ადმინისტრირება, ხოლო ფარულობის სისტემურ დარღვევაზე პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ ამომრჩეველს დააკისრა.
არჩევნების დღეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა მარკირების პროცედურის უგულვებელყოფა. მარკირების დანიშნულებაა თავიდან აიცილოს ერთი და იმავე პირის მიერ ხმის ორჯერ ან მრავალჯერ მიცემა და ეს პროცედურა ყველა ტიპის საარჩევნო უბანზე სავალდებულოდ უნდა განხორციელდეს. პროცედურა გულისხმობს სპეციალური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელ თითზე. მისი შემოწმება ხდება კენჭისყრის ოთახში შესვლისას. ნაკადის მომწესრიგებელი სპეციალური ხელსაწყოთი აშუქებს მარკირების ადგილს და მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ის არ აქვს, უბანზე შეუშვებს.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში დაფიქსირდა, რომ საარჩევნო უბნების 7%-ში მარკირების შემოწმების პროცედურები სათანადოდ არ ხორციელდებოდა, ხოლო ტრადიციული ხმის მიცემის მეთოდის გამოყენებისას ეს მაჩვენებელი 10%-ს აღწევდა. უბნების 4%-ში საერთოდ არ ხდებოდა ამომრჩეველთა მარკირება (სითხის დასხმა). ეუთო/ოდირმა მსგავსი ხარვეზიანი პრაქტიკა სერიოზულ პროცედურულ შეუსაბამობად შეაფასა.
კენჭისყრის დღეს ამ პრობლემაზე ამახვილებდა ყურადრებას საიას სადამკვირვებლო მისიაც. ორგანიზაციის მიერ დოკუმენტირებული დარღვევები მოიცავდა მარკირების პროცედურის სხვადასხვა ფორმით უგულებელყოფას: ზოგ ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას, ზოგს კი ეკითხებოდნენ, სურდა თუ არა მარკირების სითხის გამოყენება. გარდა ამისა, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზები, როცა სპეციალური ფანარი მარკირების ნიშნებს ვერ აღიქვამდა, რაც უბნებზე შეუსაბამოდ შესვლის შესაძლებლობას აძლევდა ამომრჩევლებს. ასევე, დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევები მარკირებული ამომრჩევლების მიერ ასევე, ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევები.
მარკირების წესის დარღვევა, რომელიც აღმოჩენილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მისიების მიერ, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესს.
ეუთო/ოდირის შეფასებით, დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონდათ სრული წვდომა ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის ყველა ეტაპის დასაკვირვებლად, დეტალური დოკუმენტაციის განსახილველად და აუდიტების შესასწავლად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკის ნორმებს. ამასთან, აუდიტის შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ არ მისცა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა, დროულად განეხილათ აღმოჩენილი პრობლემები.
ორგანიზაციის რეკომენდაციით „კანონმა უნდა განსაზღვროს დამოუკიდებელი მესამე მხარის მიერ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციისა და ხმების დათვლის მოწყობილობების შემოწმებისა და სერტიფიცირების მკაფიო მოთხოვნა. შესაბამის მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ განხორციელების პროცესის ყველა ასპექტი, მათ შორის, ტექნიკურ დოკუმენტაციაზე წვდომა, წყაროს კოდის განხილვა, მოწყობილობების კონფიგურაცია და აუდიტის პროცედურები“.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეფექტურობის საკითხზე. ეუთო/ოდირის შეფასებით, საარჩევნო პროცესის სამართლებრივი უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. ეს გამოწვეული იყო ამომრჩეველთა სამართლებრივი ბერკეტების არასაკმარისი არსებობით, პროცედურული ხარვეზებით, კანონმდებლობის ბუნდოვანებითა და მისი გამოყენების არათანმიმდევრული სტანდარტებით. საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ საჩივრების განხილვა ვერ უზრუნველყოფდა სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპის დაცვას და არ წარმოადგენდა უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს. საერთო ჯამში, აღნიშნული პროცესები ვერ პასუხობდა ფართოდ გავრცელებულ შეშფოთებას არჩევნების შედეგების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით და აძლიერებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემის ნეიტრალიტეტსა და სამართლიანობაზე. საია წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში წარმოებული დავების პროცესში, ყოველ ჯერზე აწყდებოდა შემთხვევებს, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია კანონის არათანმიმდევრული ინტერპრეტაციით და მოჩვენებითი გამოძიებით ცდილობდა უკანონო აგიტაციის ავტორების გამართლებას. ქვეყნის მასშტაბით დავების განხილვის ეფექტური მექანიზმის არარსებობის პირობებში უშედეგოდ დასრულდა ფარულობის სისტემურ დარღვევასთან დაკავშირებით საიას მიერ წარმოებული დავები.
ამრიგად, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიგნებები აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო, კენჭისყრის დღესა და ასევე, არჩევნების შემდგომ პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები სისტემური ხასიათის იყო, რამაც ამომრჩევლებს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცა და სერიოზულად დააზიანა არჩევნების მთლიანობა".