ოთარ ჭილაძის ლექსით იწყება წერილი, რომელიც "შაბათის მთავარს" გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოუგზავნეს. ავტორი ივანიშვილის რეჟიმის 20 წლის ტყვე რევაზ კიკნაძეა. ბიჭი რომელსაც ოლიგარქის პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.
რევაზ კიკნაძე ივანიშვილის პოლიციამ 24 დღის წინ დააკავა, წერილში ის წერს რომ ამ ხნის განმავლობაში დეპრესიაში არ ჩავარდნილა, რადგან ზუსტად იცის რომ მისი და ქვეყნის თავისუფლება ახლა ერთ გზას გადის. ოთხ კედელში გამოკეტილი სამოქალაქო აქტივისტი ახლა მთელ დროს ძირითად პროფესიას - ჟურნალისტიკას უთმობს.
"ოთხ კედელში ყოფნით მთლად რომ არ გავაფრინო, გადავწყვიტე, ჩემს ძველ ჟურნალისტურ საქმიანობას მივუბრუნდე და დღიურივით ვაწარმოო. "ახალბედას ციხის ცხოვრების პირველი ნაბიჯები" ან რამე ეგეთი დავარქვათ. ამ ბოლო დროს შემიყვარდა წერა. ჩემს მარტოსულობას ფურცელზე ავსახავ და ქაღალდს ვუმხელ ხოლმე გრძნობებს. კი ვამბობდი, მარტო ვარ, მეგობარი არ მყავს და არავის ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ მგონი ვცდებოდი - როგორც ადვოკატმა მითხრა, იმდენი ვინმე მამხნევებს, გვერდში მიდგას და ახლოს მიაქვს ჩემი ამბავი, გული გამითბა."
რეზო, ახლა ივანიშვილის სხვა მძევლების მსგავსად გლდანის ციხეში მორიგი სასამართლო სხდომისა და სამართლიანობის მოლოდინშია. დაწესებულებიდან მორიგ ჯერზე 20 იანვარს გამოიყვანენ და ახლობლების ნახვის საშუალებაც სასამართლოს დარბაზში - „გთხოვთ არ შეწყვიტოთ ბრძოლა“, - ესაა მძევლად ქცეული სამოქალაქო აქტივისტის მთავარი გზავნილი
"ისე, აქ ტელევიზორი დამხვდა. საერთოდ არ ველოდი. არხებზე გადართვისას, როცა „იმედზე“ ან „პოსტვზე“ გაჩერდება, ყველა ერთ ხმაში ვაგინებთ მთავრობის წევრებს (მანდ სულ ეგენი ჩანან). „მთავარი“, „ფორმულა“ ან „ტვ პირველი“ გვაქვს ჩართული და ასე თუ ისე ვიგებთ, რაც ხდება გარეთ. როგორ მინდა ახლა მანდ დგომა, თქვენთან ერთად, რუსთაველზე. როცა ამდენ ხალხს ვხედავ, ყოველ ჯერზე სიამაყით ვივსები."
რევაზ კიკნაძე გლდანის ციხეში თანამებრძოლთან ერთად იმყოფება. წერილში გვწერს რომ მისი ერთ-ერთი თანამესაკნე ანალოგიური აბსურდული ბრალდებით დაკავებული ვეფხვია კასრაძეა.
ვეფხია კასრაძე ცხინვალის თეატრის მსახიობია. გაიზარდა სოფელ ერგნეთში . ომის ვეტერანია - იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. უკანონოდ დაკავებული თანამესაკნეები პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.
"მეცხრე დღეა რაც ვშიმშილობთ, ბატონი ვეფხვია მეათე, გვიჭირს, რთულია, მაგრამ ერთადერთი საბრძოლო იარაღი რაც დაგვიტოვეს ეგ იყო და ჩვენც ბოლომდე ვიბრძვით ყველანაირად იმით, რაც აქ მოგვეპოვება. ბატონი ვეფხვია არის უმაგრესი ადამიანი, ომის ვეტერანი მთელი ცხოვრება რუსეთთან ბრძოლაში აქვს გატარებული."
უკანონო პატიმრობაში მყოფი 20 წლის რევაზ კიკნაძის წერილი დედისადმი მიმართვის მთავრდება.
„დე არ ინერვიულო არც ერთი წამით. აქ რომ ვარ, პირიქით, სიამაყე გქონდეს, ქვეყნის სიყვარულის გამო რომ დაიჭირეს შენი შვილი. მიყვარხარ, არ იტირო გთხოვ“.
კიდევ ერთი დაკავებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა სამაგალითოდ დასაჯა საბა სხვიტარიძეა. სხვიტარიძე სხვა დაკავებულებივით გლდანის საპატიმროში არ გადაუყვანიათ, ის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში, რუსთავი N 6 დაწესებულებაში გაამწესეს.
"მოგესალმებით მე საბა ვარ, ალბათ ბევრი თქვენგანი მიცნობს ან ჩემი ხმა ერთხელ მაინც გაგიგიათ „ სად მივდივართ“- ?! ევროპაში“. ჩემს დასასჯელად სისტემამ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გამწესება გადაწყვიტა, თუმცა ამაზე მეტად თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, სისტემას ჰგონია მისი დაჟანგებული რკინის გისოსებით და ჭუჭყიანი კედლებით თავისუფლებას შემიზღუდავს, თავისუფლება ხომ ჩვენი თავიდან მოდის, თუმცა ამას ვერასდროს გაიგებენ, რადგან ამ სისტემის შემოქმედნი თავისუფლები ერთი წამითაც არ ყოფილან."
სანქცირებული ოლიგარქის პოლიციის მიერ დაკავებული აქტივისტის ყოველი დილა ოჯახზე, მეგობრებზე, თანამებრძოლებზე და რა თქმა უნდა სამშობლოზე ფიქრით იწყება. როგორც თავად ვრცელ წერილში წერს მთელს დროს წიგნების კითხვას უთმობს.
"ჩემი ყოველდღიური რუტინა ძირითადად წიგნის კითხვაში და წერაში გამყავს, ხანდახან სრულიად მავიწყდება სად ვიმყოფები როცა ჰარი პოტერს ვკითხულობთ და მის ჯადოსნურ სამყაროში ვიკარგები. ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი, ჩემი ძაღლი ბობიკა, ჩემი ოფისი და მეგობრები რომლებიც შორს ყოფნის მიუხედავად მოწყენის საშუალებას არ მაძლევენ და უფრო მმატებენ ძალას ის მუხტი მენატრება რაც ახლა აქციებზეა, თურმე რა რთული ყოფილა შორიდან ყურება რუსთველზე შეკრებული ხახლის როცა მე იქ არ ვიმყოფები."
საბა სხვიტარიძის წერილიც დედისადმი მიმართვით სრულდება, საბა რეჟიმის სხვა მძევლების მსგავსად წელს პირველად შეხვდება ახალ წელს გისოსებს მიღმა, თუმცა მისთვის ორმაგად ემოციურია ის ფაქტი, რომ წელს პირველად დედის დაბადების დღეზე ვერ იქნება.
"ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება არის ის,რომ პირველ იანვარს ცხოვრებაში პირველად დედაჩემის დაბადების დღეზე მასთან ერთად ვერ ვიქნები და იმედი მაქვს ამ ერთხელ მაპატიებს, თუმცა დუცი იცოდე მე შენთან ვარ მთელი გულით და ვიცი შენ იქ იდგები სადაც მე უნდა ვიდგე, რუსთაველზე ხალხთან ერთად."
კიდევე ერთი წერილი "შაბათის მთავარმა" ზვიად ცეცხლაძისგან მიიღო. სტუდენტი და აქტიური სამოქალაქო აქტივისტი, ივანიშვილის პოლიციამ 4 დეკემბერს ქუჩაში იმ დროს აიყვანა , როცა უნივერსიტეტიდან გამოსული მეგობარს აცილებდა. მასაც ოლიგარქის პროკურატურა 28 ნოემბერს დაწყებულ პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
„...კამერიდან არ ვყოფთ ცხვირს, მაგრამ მაშინაც სხვა საკნებიდან გვესმის გამამხნევებელი შეძახილები."
ზვიადი გვწერს რომ საპატიმროში ახალ წელს იმედით ხვდებიან. სჯერათ რომ 2025 წელს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მოხდება და ისინიც ოლიგარქის ტყვეობიდან გათავისუფლდებიან. ზვიად ცეცხლაძეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი არცერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია, ციხის საკანშიც პირველი რაც გააკეთა, კედლებზე კალმით დიდად მარო მაყაშვილის სიტყვები დაწერა- „გავიმარჯვებთ, სახელოვნად!"