"შეძახილები იყო, მოკალითო... ყველაზე მძიმე იყო როცა მივხვდი, რომ ჩემი ძმაც იგივეს გადიოდა..." | ოლიგარქიული რეჟიმის სისასტიკე, რომელიც მოქალაქეებმა გამოიარეს

გამოქვეყნდა:

ერთთვიანი პროტესტი შემზარავი ისტორიებით სავსეა. ფიზიკური წამება და ფსიქოლოგიური ტერორი საკუთარი მოქალაქეების მიმართ ქართული ოცნების ხელწერად იქცა. სისტემის ძალადობისა და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის შესახებ  ათობით მოქალაქე ყვება.  ზოგიერთ მათგანს დაკავების ღამის გახსენებაც უჭირს. ისტორიები, კი  რომლებსაც  ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

 ერეკლე ლოლაძე ერთ-ერთია, მათ შორის ვინც ივანიშვილის ნიღბიანი პოლიციელების ძალადობა საკუთარ თავზე გამოცადა და  წამების ე.წ.კორიდორი გაიარა. 29 ნოემბრის ღამეს ის აქციაზე ძმასთან ერთად მივიდა. ორივე მშვიდობიანი მიტინგის დაშლის დაწყებიდან მალევე დააკავეს. 20- მდე ნიღბიანი მოძალადე მათ თავს ლესია უკრაინკას ქუჩაზე დაესხა.

ერეკლე და მისი ძმა ერთმანეთს მალევე დააცილეს. ძმებს პოლიციელები ლესია უკრაინკის ქუჩიდან პარლამენტამდე გაუჩერებლად  ურტყამდნენ.  სახის ძვლების უმეტესობა მას სწორედ ამ დროს ჩაემსხვრა. მიღებული დაზიანებების  გამო კი სახეზე ოპერაცია დასჭირდა. 

"ხან ერთი შეგვათრევდა ხან მეორე. ნახევარი წუთი შეგვასვენეს.... შეძახილები იყო რომ მოკალითო და გინებები......კორდონიდან რო წამოვდექი დამხვდა კაცი და იმან მკითხა შენ იცავ მშვიდობასო??"

იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. სამედიცინო დახმარების გამოძახება პოლიციელებს თვითონ მოუწიათ. არაადამიანური მოპყრობის მიუხედავად ერეკლეს 29 ნოემბრის ღამიდან ყველაზე მტკივნეულად მაინც სხვა რამ ახსენდება - "ყველაზე მძიმე ის იყო, როცა მივხვდი რომ ჩემი ძმა მომაცილეს და ისიც იგივეს გადიოდა..."

3 დეკემბრის დილას  ხარებას სადამსჯელო რაზმმა სასტიკად იძალადა დავით ჯავახიშვილზე. მისი ისტორია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და მოსასმენად მძიმეა. ამბავი რუსთაველის გამზირზე დაიწყო,  რობოკოპები დავითს მიზანმიმართულად გამოეკიდნენ. სტანდარტულად შეითრიეს და წამების კორდონიც გაატარეს . მისი თქმით  კოშმარი მაშინ დაიწყო, როცა კორდონს გაარიდეს და პოლიციის მიკროავტობუსში შეაგდეს.  მას დეტალურად ახსოვს თუ რა ხდებოდა საწამებელ ტრანსპორტში ნახევარი საათის განმავლობაში. იძალადეს მორალურადაც. ემუქრებოდნენ სიკვდილით, მოპარეს ნივთებიც, მათ შორის ფეხსაცმელები.

აქციის მონაწილე კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, თუმცა სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად ის იზოლატორის ავტოფარეხში  აღმოჩნდა.

ტვინის შერყევა, დალეწილი სახის ძვლები, ყბის სახსრები და კბილები- ეს ის მცირედი დაზიანებებია რაც ჯავახიშვილს ნიღბიანებმა მიაყენეს. მყარი საკვების მიღება სულ ახლახანს დაიწყო, სუნთქვა კი დღემდე უჭირს. ახლა ის მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის.

29 ნოემბრის  ღამეს აგრესიის მსხვერპლი გახდა  ნიკა დანელიაც. დემონსტრანტი იხსენებს, რომ მას და მის მეგობარს თავს მოულოდნელად დაესხნენ.  დაკავების კადრები ჩვენმა კამერებმაც გადაიღეს. კადრებში კარგად ჩანს, რომ მეგობრები შავნიღბიანებმა დაკავებისთანავე  რობოკოპების კორდონში შეიყვანეს, თუმცა მანამდე წიწაკის სპრეის მთელი ბალონი  სახეზე დააცალეს. ნიკა გვიყვება რომ მის მიმართ მოპყრობა  გაცილებით სასტიკი კორდონის მიღმა იყო, როცა იმ ტერიტორიაზე გადაიყვანეს რასაც ტელეკამერები ვერ იღებდნენ. 

აგრესია გაძლიერდა მაშინ, როდესაც ხარებას რაზმს ნიკას ვიზუალი და სტილი არ მოეწონა. გდდს თანამშრომლები არ მალავდნენ, რომ მას საყურისა და შეღებილი თმის გამო სცემდნენ. ნიღბიანების მხრიდან ძალადობა დაკავების  მანქანაშიც გაგრძელდა, თუმცა ცემაზე მეტად მტკივნეული ნიკასთვის პიროვნული შეურაცხყოფა იყო.

ნიკა დანელიასთან ერთად დააკავეს მისი მეგობარი გიორგი ბაგრატიონიც. გიორგი კორდონის წინ საქართველოს დროშით იდგა, რამაც შავნიღბიანების გაღიზიანება გამოიწვია. 

სამმართველოში გადაყვანილმა ბევრი ისეთი რამ ნახა, რაც მისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. პოლიციელებმა არ იცოდნენ, რა უნდა დაეწერათ მის ოქმში, რადგან დაკავების ადგილზე არცერთი მათგანი არ იმყოფებოდა.

მძიმე ღამის შემდეგ 17 საათი სასამართლოს იზოლატორში გაატარა. შაბლონური ოქმის, ცრუ მოწმეებისა და ცილისწამების შემდეგ სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო.

აქციაზე დაზარალებულები ქვეყნისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. ყველა მათგანი რუსთაველის გამზირზე დღესაც დგას, რადგან რეჟიმის არ ეშინიათ. სისტემა კი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ მოქალაქეებს სამართალდამრღვევად აცხადებს და აჯარიმებს. 

არცერთი მოძალადე ნიღბიანი იდენტიფიცირებული და დაკავებული არ არის.

ავტორი: მაგდა მაისურაძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი