უწყვეტი პროტესტის 32-ე დღე - ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ლექტორები იკრიბებიან. ისინი საპროტესტო მარშით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.
საპროტესტო მარშის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ ოლიგარქის რეჟიმის პატიმრები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
"დღეს, ვფიქრობ რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ პროცესი გადავიდა ახალ ეტაპზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა ერთი ძალიან მარტივი რამ, რომ ათონელის სასახლეში იქნება ის, ქუჩაში, თუ ნებისმიერ სხვა ადგილას ის არის ხალხის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი და ერთადერთი ლეგიტიმური ძალა საქართველოში.
რაც ვიხილეთ დღეს ეს არის კიდევ ერთ-ერთი დადასტურება, რომ ქვეყანა გადადის ახალ ბრძოლის ეტაპზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი ასევე იქნება ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და ის გაუძღვება სწორედ ამ პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ ის გავა რეგიონებში, ის ჩავა ქალაქებში, სოფლებში და ასევე მოივლის ევროპის ქალაქებს. ამ პროცესში ნებისმიერი ადამიანი ვინც არ უნდა იყოს, უნდა იყოს ჩართული და უნდა ესმოდეს ძალიან კარგად, რომ ამ ბრძოლაში ან ერთად დავმარცხდებით ან ერთად მოვიგებთ. საცირკო წარმოდგენა რაც ვიხილეთ საკანონმდებლო ორგანოში არაფერი არ არის, თუ არა ყალბი. დანიშნული ადამიანი ვნახეთ მიხეილ ყაველაშვილის სახით, რაღაც თანამდებობაზე, რომელსაც არავითარი ლეგიტიმაცია არც ცივილიზებული სამყაროსგან და არც ხალხისგან არ გააჩნია," - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელმა.
ავტორი: დავით კობიძე