მერიიდან გათავისუფლებული გიგა სოფრომაძე ასაჯაროებს კონსტანტინე ჟღენტის მიერ დაწერილ "რეკომენდაციას", რომლის საფუძველზეც ის სამსახურიდან გაუშვეს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე, რომელიც შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იყო, თანამდებობიდან საქართველოს უსინათლო კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე ჟღენტის "რეკომენდაციის" გამო გაათავისუფლეს.

სოფრომაძე სოციალურ ქსელში კონსტანტინე ჟღენტის "დასმენის წერილს" აქვეყნებს, რომელიც მან კახა კალაძის სახელზე დაწერა.

ჟღენტი კალაძისგან ითხოვს საჯარო მოსამსახურეთა რეორგანიზაციის პროცესში "აუცილებლად ჩართოს თანამდებობები, რომლების დღეის მდგომარეობით შშმ პირებს აქვთ დაკავებული".

როგორც სოფრომაძის მიერ გავრცელებულ წერილში კონსტანტინე ჟღენტი წერს, "შშმ პირის სტატუსი არ გახლავთ ჯავშანი იმისა, რომ ერთი და იგივე პირი მუდმივად იკავებდეს თანამდებობას".

"საკითხი ეხება თქვენს მიერ გაცხადებულ თბილისის მერიაში გაჯანსაღების მიზნით ჩასატარებელ საჯარო მოსამსახურეთა რეორგანიზაციის პროცესს. რომლის ფარგლებშიც, მიზანშეწონილია, რომ აუცილებლად ჩართოთ თანამდებობები, რომლებიც დღეის მდგომარეობით დაკავებული აქვთ შშმ პირებს. ჩვენი რეკომენდაცია არ არის გამოწვეული რომელიმე პიროვნების პირადი მტრობით, თუმცა შშმ პირთა უმრავლესობის აღშფოთებას იწვევს თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივნის, გიგა სოფრომაძის ქმედებები თუ უმოქმედობები, მისი გამონათქვამები და ცილისმწამებლური განცხადებები.

განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ გიგა სოფრომაძე, ნაცვლად იმისა, რომ გამოირჩეოდეს შშმ პირთა სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, იგი უგულებელყოფს მათ საჭიროებებსა და პირიქით, ცდილობს იმოქმედოს შშმ პირთა ინტერესების საზიანოდ. ამავდროულად, თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, ჩვენი კავშირისა და მისი წევრების მიმართ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და მათ მიმართ აკეთებს ცილისმწამებლურ განცხადებებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ შშმ პირის სტატუსი არ გახლავთ ჯავშანი იმისა, რომ ერთი და იგივე პირი მუდმივად იკავებდეს თანამდებობას. შესაბამისად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მერიის რეორგანიზაციის პროცესში საკონკურსო თანამდებობების ნუსხაში ჩართოთ ყველა ის თანამდებობა, რომლებიც დღეის მდგომარეობით დაკავებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

პ.ს. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ შშმ თემში არსებობს არაერთი ეთიკური და კომპეტენტური ადამიანი, რომლებიც იმსახურებენ შანსის მიცემას. ბატონო კახი, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული რეკომენდაცია", - წერს ჟღენტი.

___________

"ასე გამოიყურება საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დაწერილი დასმენის წერილი", - წერს სოფრომაძე სოციალურ ქსელში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი