მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც პროევროპულ აქციებზე დააკავეს, "ვისოლის" სარეკლამო კლიპში აღარ არის. პირვანდელ ვერსიაში მსახიობის ორი კადრი იყო, ხოლო ბოლო ვერსიაში, მხოლოდ მისი ხელი ჩანს. რა გახდა სარეკლამო კლიპის ცვლილების მიზეზი. ამასთან დაკავშირებით კომპანია ვისოლი განმარტებას bm.ge-სთან აკეთებს
"ვისოლში" აცხადებენ, რომ კონტრაქტით კომპანიას ანდრო ჭიჭინაძის კადრების გამოყენების უფლება მხოლოდ გასული წლის ნოემბრის ბოლომდე ჰქონდა.
"მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა “ვისოლის” ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით. შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუა და დეზინფორმაცია. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან", - განუცხადეს bm.ge-ის კომპანიაში.