ოკუპირებულ გალში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ბებია რუხის საავადმყოფოდან ქუთაისში გადმოიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ქალს სხეულის 20% აქვს დამწვარი და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
"პაციენტი რუხის საავადმყოფოდან გადმოყვანილი იქნა დილის 7 საათზე თერმული დამწვრობით სახისა და ორივე წინამხრის არეში.შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, იყო კონტაქტური და ადეკვატური. პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობების ქირურგიული დამუშავება, გაუკეთდა შეხვევა და გადაყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა რჩება საშუალო სიმძიმის," - აცხადებს ექიმი ზურაბ წულაია.
შეგახსენებთ, გუშინ ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი ღუმელის ანთებისას შეცდომით ბენზინის გამოყენება გახდა. დაზიანებები მიიღო ბავშვების ბებიამ.