კონსტიტუციის ერთგულებასა და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელმოწერის პასუხად, სხვა საჯარო უწყებების მსგავსად, იუსტიციის სახლშიც დაიწყო რეპრესიები, რომელსაც ალბათ, არ შეწყვეტენ, სანამ ამის შესაძლებლობა ექნებათ - წერს სოციალურ ქსელში ანა გაგნიძე, რომელიც რამდენიმე კოლეგასთან ერთად, იუსტიციის სახლიდან გაათავისუფლეს.
"და აი, ისიც!
რამდენიმე დღის წინ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ცვლილებზე ვწერდი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან, კანონიერებასთან და რეალურად წარმოადგენს რეპრესიულ აქტს.
აქტს, რომელიც საჯარო სამსახურის დაშლას და პარტიულ კოლექტივად გარდაქმნას ემსახურება.
კონსტიტუციის ერთგულებასა და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელმოწერის პასუხად, სხვა საჯარო უწყებების მსგავსად, იუსტიციის სახლშიც დაიწყო რეპრესიები, რომელსაც ალბათ, არ შეწყვეტენ, სანამ ამის შესაძლებლობა ექნებათ.
2024 წლის 30 დეკემბერის საღამოს ცნობილი გახდა, რომ hr დეპარტამენტის გამორჩეულად კარგ, პოზიტიურ, დაუზარელ და ყოჩაღ თანამშრომელს 1 წლის თავზე, იანვრიდან, აღარ უგრძელებენ შრომით ხელშეკრულებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თუმცა ყველასთვის გასაგები მიზეზით.
2024 წლის 31 დეკემბერს კი, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე, აქამდე უვადოდ საშტატო პოზიციაზე დანიშნულებმა - მე, კიდევ ერთი დეპარტამეტის ხელმძღვანელმა (ერთიც შვებულებაშია, ჯერ ვერ გაეგზავნა) და ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მივიღეთ შეტყობინება, რომ 1 თვის ვადაში შეწყდება ჩვენსა და იუსტიციის სახლს შორის წინა დღეს "გამომცხვარი" ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
მიღებული შეტყობინების წაკითხვის შემდეგ მართლა გამეღიმა, პირველი რაც გავიფქრე, გაფრთხილების ტექსტს შევცვლიდი, ცოტა სინტაქსს და პუნქტუაციასაც შევასწორებდი, მაგრამ ვიცი, რომ ჩქარობდნენ და...
ამის შემდეგ, უბრალოდ თავისუფლება ვიგრძენი -კიდევ ერთხელ, არავის და არაფრის წინაშე ვალდებულება, გარდა ჩემი მოვალეობებისა, რომლებსაც შეზღუდვების ფონზეც კი, მე დღემდე პირნათლად ვასრულებ და სანამ დრო მაქვს, ისევ ასე გავაგრძელებ.
გავაგრძელებ, მათ შორის, იუსტიციის სახლის თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, ვისაც ღიად ან შეფარვით, ემუქრება რაიმე ნიშნით ჩაგვრა.
და გავაგრძელებ ჩემი პრინციპების, ღირებულებებისა და სინდისის ერთგულებას.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ველოდი, ისევე როგორც, ბევრი გულშემატკივარი, ვისაც მართლა ადარდებდა თავისუფლად აზრის გამოხატვის შედეგები და ის "კეთილისმსურველებიც", ვისაც საჯარო სამსახური მათი ან/და პარტიის კუთვნილება ჰგონიათ.
თუმცა, გულწრფელად ვფიქრობ, საჯარო სამსახურის რეფორმისა და ნაკოწიწები შედეგების ფეხქვეშ გათელვის და ამასთან, ზოგიერთი "სახეცვლილი" ადამიანის პირობებში, დასაკარგიც ბევრი არაფერი დარჩა და ამიტომ, 'იმ სანქციებისგან' განსხვავებით, ეს მართლა ჯილდოა. :))
ჩემთვის ყოველთვის უძვირფასესი იქნება იუსტიციის სახლი, ორგანიზაცია, რომელიც თავისი არსით, სტანდარტებით და მომსახურების ხარისხით ყველაზე ახლოს არის ევროპულობასთან, მაგრამ ამ ორგანიზაციის მთავარი ღირებულება ყოველთვის იყო პროგრესულად მოაზროვნე თანამშრომლები, რომლებიც მის სახეს ქმნიან საზოგადოებაში.
საერთო განცხადებაზე, საჯარო დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი - 550-ზე მეტი ხელმოწერაც, ჩემთვის ამის ერთ-ერთი დასტურია და რეალური სურათი კიდევ უკეთესი.
ვფიქრობ, ამ განცხადებამ, არათუ დააზიანა ორგანიზაციის იმიჯი, არამედ კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩინა ორგანიზაციული ბირთვის პროგრესულობა და თავისუფალი აზროვნება.
რა თქმა უნდა, არიან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებიც, რომლებსაც ისევე აქვთ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება, როგორც ჩვენ, დანარჩენებს.
სწორედ ამიტომ, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლისთვის, უნდა ავაშენოთ მრავალფეროვანი, გამართული, დემოკრატიული და ევროპული საჯარო სამსახური, რომელიც მერიტოკრატიის პრინციპზე იქნება დაფუძნებული და სადაც მთავრობების ცვლილების დროსაც მთავარი მხოლოდ თანამშრომელთა მიღწევები, პროფესიული უნარები და კომპეტენცია იქნება მათთან შრომითი ურთიერთობის განმსაზღვრელი.
ღრმად მწამს და მჯერა, ამ გზიდან გადახვევა დროებითია. მიუხედავად საჯარო მოხელეების/ მოსამსახურეების დასჯის, რეპრესიებისა და დაშინების მცდელობისა, აუცილებლად ავაშენებთ უკეთეს საჯარო სამსახურსაც და ქვეყანასაც და მეც, ჩემი პატარა წვლილით, აუცილებლად ვიქნები ამ ყველაფრის ნაწილი.
და ბოლოს, არცერთი წამით დამიშვია, რომ არ ღირდა საკუთარი აზრის და პრინციპების გამო ბრძოლა, სწორედ ამიტომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმაზე თავდაჯერებული, ვიდრე ოდესმე. " წერს ანა გაგნიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, იუსტიციის სახლი ერთ-ერთი საჯარო უწყება იყო, რომლის თანამშრომლებმაც ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიცია გაავრცელეს და მას 500-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს.