"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ "მეგობარი აქტიდან" "ქართული ოცნების" გამო, ამოღებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: უვიზო რეჟიმი აშშ-სთან და თავისუფალი ვაჭრობა.
გვარამიას განმარტებით, თუ საქართველოში ჩატარდება ახალი, სამართლიანი არჩევნები, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, მოსახლეობა ხსენებული სიკეთეებით სარგებლობას შეძლებს.
"კონგრესში უკვე შესულია საკითხი ორპარტიული არაღიარების პოლიტიკის და ამგვარი აქტი მხოლოდ 2020 წელს იქნა მიღებული ბელარუსთან დაკავშირებით - ჩვენ რეგიონს ვგულისხმობ. ამით დასტურდება ის, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება არ იქნება აღიარებული უკვე კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც სავალდებულოა მთელი ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის.
ასევე "მეგობარი აქტი", რომელიც მიღებული იქნება, რომელიც მხარს უჭერს ქართელ ხალხს და არა არალეგიტიმურ ხელისუფლებას. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა დავკარგეთ იმის გამო, რომ საქართველოში შედგა არჩევნები გაყალბებული შედეგით და ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება. ვკარგავთ უვიზო რეჟიმს აშშ-სთან, რომელიც ამოღებულია სწორედ ამ არჩევნების არალეგიტიმურობის გამო "მეგობარი აქტიდან" და ასევე ვკარგავთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას, რომელიც ასევე ამოღებულია "მეგობარი აქტიდან". ეს ისტორიული დანაკარგია, რომელიც ვერ აღდგება, ვიდრე არ აღვადგენთ საქართველოში დემოკრატიულ წყობილებას, ვიდრე არ გავუშვებთ ხელისუფლების უზურპატორებს, მათ მიერ ხელში ჩაგდებული ხელისუფლებიდან, ვიდრე გაყალბებული არჩევნების შედეგები არ გადაიხედება ახალი არჩევნებით და პოლიტპატიმრები არ გამოვლენ თავისუფლებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ "მეგობარი აქტში" ვხედავთ ჩინეთის, რუსეთის და ირანის გავლენების შესახებ ტექსტებს", - თქვა გვარამია.