"ივანიშვილის სანქცირება ვფიქრობ, ნამდვილად მისასალმებელია და საჭირო იყო. დიდი ხანია ვამბობ, რომ ეს ნაბიჯი დაგვიანებულიც კია. მაგრამ ეს აუცილებლად დააკისრებს მას საფასურს. ეს იქნება საზღაური საქართველოს მთავრობისთვის მისი ავტორიტარული შებრუნებისთვის, არა მხოლოდ ანტიდასავლური, არამედ - პრორუსული მიმართულებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მთავრობამ გამოიყენა სანქციების ის მექანიზმი და კანონმდებლობა, ის უფლებამოსილება, რომელიც საშუალებას იძლევა დაასანქცირონ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან. ეს სიგნალი იყო ვაშინგტონიდან, თეთრი სახლიდან საქართველოს მთავრობისთვის, რომ ახლა ამერიკა საქართველოს ტრაექტორიას აი, ასე ხედავს - არა მხოლოდ როგორც მზარდად ავტორიტარულს და ზოგ შემთხვევაში ძალადობრივ ავტორიტარიზმს, მაგრამ ასევე იმ ევროპული მომავლისგან დაშორებას, რომელიც ქართველი ხალხის 80%-ის თქმით, მას სურს, და რუსეთისკენ მიბრუნებას. სანქციების გამოცხადება, და ის გზა, რაც ადმინისტრაციამ მის დასაწესებლად გამოიყენა, იმის თქმას ნიშნავდა, რომ ამერიკა ხედავს საქართველოს არა მხოლოდ როგორც ავტორიტარულს, არამედ ასევე, როგორც პრორუსულსაც...
როგორც გითხარით, ეს ნაბიჯი [ივანიშვილის სანქცირება] გვიან გადაიდგა. ვფიქრობ, შეიძლებოდა ეს 6 თვის წინაც კი გაგვეკეთებინა, ან ერთი წლის წინაც კი, შეგვეძლო 2023 წელსაც კი გაგვეკეთებინა, როცა უცხოეთის აგენტების კანონი წარმოადგინეს და ამას პროტესტი მოჰყვა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ამის ბევრი შესაძლებლობა იყო, რადგან ნათელი ხდებოდა, რომ ეს მთავრობა მზარდად ავტორიტარული და მზარდად ანტიდასავლური იყო, [მოქმედებდა] ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ.
ვერ ვიტყვი იმას, რომ ერთი წლის ან წელიწადნახევრის წინ რომ გაგვეკეთებინა ეს, საქართველო ახლა სრულებით განსხვავებულ ტრაექტორიაზე იქნებოდა და პროევროპული, ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდებოდა. მაგრამ ჩვენ ნამდვილად დავუშვით ამ პროცესის განვითარება ზედმეტად დიდხანს საქართველოს მთავრობისთვის რეალური შედეგების ან საზღაურის გარეშე... უფრო ადრე უნდა გამოგვეყენებინა ეს ინსტრუმენტები და ბერკეტები რაც გვქონდა, რათა გვეცადა და შეგვეჩერებინა ავტორიტარიზმისკენ და ანტიდასავლური მიმართულებით, ქართველი ხალხის სურვილების საწინააღმდეგოდ სვლა.
ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი. თუმცა მას არ აქვს ფორმალური სამთავრობო როლი, ის არც პრეზიდენტია, არც პრემიერი და არც მინისტრი. შესაბამისად, ეს საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიდან აიცილოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის სპიკერის, პრეზიდენტის ან სხვათა სანქცირება. ის ასევე აძლევს მას საშუალებას მომავალში [სანქციების] ესკალაცია მოახდინოს და გამოაცხადოს სანქციების ახალი რაუნდები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, როგორც ეს სხვა პირების თუ კომპანიების მიმართ გაგვიკეთებია. ასე ვიქცეოდით 2014 წლის შემდეგ რუსეთთან მიმართებით. ეს ასევე არის დე-ფაქტო აღიარება იმის, რომ ქვეყანას [ბიძინა] ივანიშვილი მართავს. ისაა საქართველოში ყველაზე ძლევამოსილი პირი, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სამთავრობო როლი. ის ქვეყანას კულისებიდან მართავს და ვფიქრობ ეს სანქციები იმიასაც აღნიშვნაც იყო, რომ ჩვენ ეს გვესმის".
- განაცხადა ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკმა და "საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" ევრაზიის პროგრამის დირექტორმა, ბობ ჰამილტონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.