როგორ ებრძვიან აქტივისტურ ჯგუფებს საქართველოში- "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" წერს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჯგუფი "დაიტოვე" და მისი აქტივისტები გახდნენ.
"2024 წლის 4 დეკემბერს, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი ლიდერის ილია ღლონტის სახლში კრიმინალური პოლიცია შევიდა. ილიას მათ წარუდგინეს იმავე დღით დათარიღებული გამომძიებლის დადგენილება „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ“ და აცნობეს მას, რომ მის სახლში უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა. იმავე დღით დათარიღებული ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკის შედეგად, ილიას სახლიდან ამოღებულ იქნა ერთი ლეპტოპ კომპიუტერი და ერთი მობილური ტელეფონი. რაიმე სხვა საგანი ან დოკუმენტი ამოღებული არ ყოფილა. ჩხრეკის ოქმის თანახმად, ილია ღლონტი საქმეში ფიგურირებს, როგორც „მოწმე“.
არსებული ინფორმაციით, ანალოგიურად, ჩხრეკა ჩატარდა „დაიტოვეს“ კიდევ ერთი ლიდერის ნენსი ვოლანდის სახლშიც.
გამომძიებლის დადგენილების კანონიერების საკითხი
ა) დასაბუთებული ვარაუდის არარსებობა
აღნიშნული დადგენილების თანახმად, ილიასთვის უცნობ რომელიღაც სისხლის სამართლის საქმეზე (საქმის ნომერი დადგენილებაში მითითებულია), რომელზეც თურმე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის („ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“) პირველი და მე-2 ნაწილებისა და 239-ე მუხლის („ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება“) შესაბამისად, გამომძიებელს თურმე დაუდგენია, რომ არსებობს „დასაბუთებული ვარაუდი“, რომ ილია ღლონტთან ინახება „საქმისათვის მნიშვნელოვანი ნივთი ან ნივთიერება“, რის გამოც თურმე არსებობს „გადაუდებელი აუცილებლობა“ ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. რაში მდგომარეობს ეს „დასაბუთებული ვარაუდი“, ამის თაობაზე გამომძიებლის დადგენილებაში მითითებული არ არის.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები მოითხოვს, რომ ჩხრეკა და ამოღება ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „დასაბუთებული ვარაუდი“, რომ გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან ინახება „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი“. იმავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ჩხრეკასთან და ამოღებასთან დაკავშირებით „დასაბუთებული ვარაუდი“ არის „ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა“, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რომ მოცემულ ადგილზე, მოცემულ პირთან ინახება საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
მოცემულ შემთხვევაში გამომძიებელს არ შეუწუხებია თავი, მიეთითებინა, თუ რომელი ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობის საფუძველზე დაასკვნა მან, რომ ილია ღლონტთან ინახება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ობიექტები ან, კონკრეტულად, რომელი ობიექტების აღმოსაჩენად იყო მისული ილია ღლონტთან ჩხრეკის ჩასატარებლად. ამ თვალსაზრისით, ჩხრეკის წარმოების შესახებ გამომძიებლის დადგენილება უფრო აკრძალულ ადგილას ალალბედზე თევზაობას ჰგავდა, რადგან გამომძიებელს არც ჩხრეკის ჩატარების საფუძველი ჰქონდა და არც ის იცოდა, რას ეძებდა.
შესაბამისად, გამომძიებელმა, ვერ დააკმაყოფილა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ ჩატარებული ჩხრეკა იყო უკანონო.
ბ) გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობა
იგივე ეხება გადაუდებელი აუცილებლობის საკითხს. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით არის დაცული. აღნიშნული მუხლის თანახმად, „ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.“
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით, „საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას.“
იმავე მუხლის მე-5 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, თუ არსებობს „გადაუდებელი აუცილებლობა“, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას და სხვ. ასეთ შემთხვევაში, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ პროკურორმა უნდა აცნობოს მოსამართლეს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს მას სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე, ან მხარეთა თანდასწრებით წყვეტს შუამდგომლობას. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას.
მოცემულ შემთხვევაში, გამომძიებელმა თავის დადგენილებაში მხოლოდ მიუთითა კანონის ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებებზე, რომ თურმე დაყოვნებას შეეძლო გამოეწვია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება და მას შესაძლოა შეუძლებელი გაეხადა აღნიშნული მონაცემების მოპოვება.
გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის დასასაბუთებლად საკმარისი არ არის მხოლოდ კანონის ნორმების ციტირება და კანონით გათვალისწინებულ გარემოებებზე მითითება. ამისათვის ასევე აუცილებელია კონკრეტულ ფაქტებსა ან ინფორმაციაზე მითითებაც, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გადაუდებელი აუცილებლობის რეალურად არსებობაში დაარწმუნებდა. ასეთ ფაქტებსა ან ინფორმაციაზე გამომძიებელს თავის დადგენილებაში არ მიუთითებია.
მაშასადამე, ჩხრეკა იმიტომაც იყო უკანონო, რომ არ არსებობდა მისი სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა.
უცნობია, მიმართა თუ არა პროკურორმა სასამართლოს ილია ღლონტთან ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობით და დააკმაყოფილა თუ არა სასამართლომ ასეთი შუამდგომლობა. ილია ღლონტს სასამართლოს შესაბამისი განჩინება არ ჩაბარებია.
თუმცა, თუნდაც პროკურორს მიემართა შუამდგომლობით და სასამართლოს თუნდაც დაეკმაყოფილებინა ასეთი შუამდგომლობა, ილია ღლონტთან ჩატარებული ჩხრეკა, საზოგადოების წარმოდგენით, მაინც უკანონოდ დარჩება, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, გამომძიებელს არ დაუსაბუთებია არც დასაბუთებული ვარაუდის და არც გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა. გამომძიებლის ამ უმნიშვნელოვანეს ორ ხარვეზს სასამართლო ვერაფრით შეავსებდა.
სისხლისსამართლებრივი ზომები, როგორც საქართველოს ევროპული არჩევანის მომხრეთა დევნის ინსტრუმენტი რეპრესიული რეჟიმის ხელში
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში, სადაც ხელისუფლება ერთ ოლიგარქს და მის დამქაშებს აქვთ მიტაცებული, სისხლისსამართლებრივი ზომები საქართველოს ევროპული არჩევანის მომხრეთა და დევნის მიზნით გამოიყენება. ნამდვილი სასამართლო კონტროლი ქვეყანაში არ არსებობს. სასამართლო, ისევე, როგორც პროკურატურა და სხვა საგამოძიებო უწყებები, მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთების უსიტყვო შემსრულებლები არიან.
ილია ღლონტთან და „დაიტოვეს“ სხვა ლიდერებთან ჩატარებული ჩხრეკა, მათგან ისეთი საჭირო ნივთების ამოღება, როგორებიცაა პირადი კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, ის ფაქტი, რომ ეს ნივთები პატრონს ჯერაც არ დაბრუნებია, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოს და პროკურატურას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ საიმისოდ, რომ “გამოეკვლიათ” ამ ნივთებში ჩაწერილი ინფორმაცია და “დაედგინათ”, რამდენად აქვს ამ ინფორმაციას მნიშვნელობა იმ „საქმისთვის“, რომელზედაც თითქოს მიმდინარეობს გამოძიება, მეტყველებს იმაზე, რომ ამ შეთხვევაშიც სისხლისსამართლებრივი მექანიზმები კონკრეტულად „დაიტოვეს“ და, ზოგადად, დემოკრატიული საზოგადოების დასაშინებლად იქნა გამოყენებული.
საგადასახადო ორგანოს გამოყენება რეპრესიული მიზნებისათვის
ილია ღლონტის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ სხვა უწყებების გამოყენებაც სცადა. მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით ასევე გამოიყენება საგადასახადო იძულების მექანიზმებიც.
ახალი წლის წინა დღეებში სამეწარმეო საზოგადოებებმა, რომლებშიც ილია ღლონტს წილზე საკუთრების უფლება აქვს, მიიღეს ერთი და იგივე შინაარსის წერილები შემოსავლების სამსახურიდან, რომლებითაც აღნიშნული სამსახური ითხოვს ადრესატებისგან, წარუდგინონ ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგები, საბუღაალტრო ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია, ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია, საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობები და ამონაწერები და სხვ. წერილებში მითითებულია, რომ ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში წერილების ადრესატებს დაერიცხებათ ჯარიმა 400 ლარის, ხოლო, ყოველ განმეორებით შემთხვევაზე - 1000 ლარის ოდენობით."
ჩვენი დასკვნითი შეფასება
“ქართული ოცნების” ოლიგარქიულმა რეჟიმმა აქტივისტთა ჯგუფების დევნა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ორი წლის წინ, პირველად “რუსული კანონი” დააინიცირა. როგორც ცხადი გახდა, ქვემოდან აღმოცენებული პროტესტისა და საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ჩართული ჯგუფების მხოლოდ სასტიკი დარბევებით გაჩერება მათთვის მიუღწეველი ამოცანა აღმოჩნდა.
ამიტომაც, მასობრივი დარბევების პარალელურად, დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეთა და სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი მექანიზმებით კონტროლის მეთოდსაც მიმართა. თუმცა, ამას კონსოლიდირებული რეპრესიული სახელმწიფო მანქანა სჭირდება. სწორედ ამისათვის მიეცა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რეგულარული ხასიათი ე.წ. სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებში ხელისუფლებისადმი ლოიალური კადრების მუდმივ წახალისება დაწინაურებას ჯილდოებით, პრემიებითა და ბონუსებით. გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე შეკრებილი საბიუჯეტო სახსრები ისევ გადასახადის გადამხდელთა წინააღმდეგ რეპრესიებისათვის იხარჯება. რეპრესიული ზომების “საინფორმაციო” მხარდაჭერას პრორუსული რეჟიმის პროპაგანდისტული მედია და სოციალურ პლატფორმებზე ტროლ-ბოტების ჯარი უზრუნველყოფს. მათი მიზანი სამოქალაქო აქტივისტების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებაა.
ჯგუფის “დაიტოვე” საქმე მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია მიტაცებულ სახელმწიფოში მმართველ პარტიას, საკუთარი უკანონო მიზნების მისაღწევად, სამართალდამცავი, ფინანსური და პროპაგანდისტული ინსტიტუტების მობილიზება და გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გააგრძელებს „დაიტოვეს“ და სამოქალაქო პროტესტის სხვა მონაწილეთა საქმეების მონიტორინგს და საზოგადოებას, დრო და დრო, მოახსენებს ამ საქმეების მიმდინარეობის შესახებ."