„დურუჯის“ ლაურეატები პაპაშვილს: თქვენმა განცხადებებმა პრემიას ყველა ღირსება გამოაცალა, უკან გიბრუნებთ ჯილდოებს

გამოქვეყნდა:

თეატრის გაფიცული ხელოვანები „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს ლაშა პაპაშვილს მიმართავენ და მის მიერ დაარსებული პრემია „დურუჯის“ ფარგლებში მიღებულ ჯილდოებს უკან უბრუნებენ:

"ბატონო ლაშა,
ჩვენ მოვისმინეთ 30 დეკემბერს, BMG-ს ეთერში გასული თქვენი ინტერვიუ, რომელიც სავსეა აზრსა და სიმართლეს მოკლებული განცხადებებით. თქვენ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებთ, ხოლო ოლიგარქ ივანიშვილს აცხადებთ ისტორიულ ფიგურად და ამბობთ, რომ მან ქვეყანას ომი აარიდა.

სინამდვილეში ოლიგარქმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ქართული თეატრს და იმ ხელოვანებს, რომელთა უმრავლესობაც თქვენ მიერ დაარსებული პრემია „დურუჯის“ ლაურეატია.
დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ თქვენი ინიციატივით იმართებოდა წლების განმავლობაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება იყო და აღნიშნავდა სეზონის საუკეთესო თეატრალურ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ მწვავე სოციალური თემატიკით, ფორმისეული სიახლითა და პოლიტიკური გამბედაობით. ამ პრესტიჟული პრემიის მიღება საპატიო და სასიხარულო იყო ჩვენთვის, თქვენ კი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელოვნებო პროცესის მხარდამჭერად წარმოგაჩენდათ, სწორედ იმ ხელოვნების, რომლის ავტორებსაც სასტიკად გაუსწორდნენ, უკანონოდ დააკავეს, დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებით და შეულახეს ღირსება. ჩვენი ორი კოლეგა ახლაც პატიმრობაშია და განაჩენს ელოდება.

მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა თქვენმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება. ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია რაიმე კავშირის ქონა ყველა იმ პირთან, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას და არ იცავს ქართველი ხალხის ინტერესს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით, უკან დაგიბრუნოთ ის ჯილდოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ნამუშევრებს მიანიჭეთ.

პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია.  

ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილდოს, რომლის ეკვივალენტსაც ახლა ვაგროვებთ, რათა გადავრიცხოთ გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში.

საქართველოს მომავალი ევროპაშია!
არა მოძალადე რეჟიმს!
მოვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს!
თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!

პრემია „დურუჯის“ ლაურეატები" ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი