რეჟიმის ტყვეებს, რომელთა სასამართლო პროცესიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, სოლიდარობას უცხადებს თემურ ჭყონია. ბიზნესმენი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილებს შეუერთდა და აღნიშნა, რომ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირისთვის წაყენებული ბრალი არა სასჯელი, არამედ ამ ახალგაზრდების დაღუპვაა:
"თუ ჰუმანურად მივუდგებით ამ თემას და სამართლებრივად, წესით ეს თემა საერთოდ არ უნდა არსებობდეს სადისკუსიოდ. ადამიანები, რის გამოც დღეს სასამართლო პროცესი მიდის, აპროტესტებდნენ , უფრო სწორად მხარში ედგნენ საქართველოს მომავალს და საქართველო მომავლისთვის რომ ადამიანს ასამართლებ, რაც არ უნდა აგრესიული ფორმით გამოეხატა რომელიმეს აზრი, ჩემთვის მიუღებელია.
ის მუხლი, რაც მიყენებული აქვთ, ახალგაზრდა თაობისთვის ეს არ არის სასჯელი, ეს არის დაღუპვა. როდესაც 19-20 წლის ბავშვს მიუსჯი 8 წელს იმის გამო, რომ თვითონაც არ იცის რატომ უსჯიან და დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ეს მე მგონი, უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მათ მიერ ჩადენილი პროტესტის გამოხატვის აგრესიული ფორმა. როგორც მოქალაქე, შეურაცხყოფილად ვთვლი, რომ არის ქვეყანა, სადაც ასეთი არაჰუმანური მიდგომებია და არ ვარგა არც ქვეყნის იმიჯისთვის, არ მომავალი თაობისთვის და არც ქვეყნის კულტურისთვის. ...
მეორე ყველაზე დიდი ტანჯვა ის არის, რომ ეს პროცესი არის დაუმთავრებელი . მე არ მგონია, ისეთი დანაშაული ჩაედინათ, რომლის გამოძიებასაც და დამტკიცებასაც ამდენი დრო სჭირდება. ე.ი. ან მტკიცებულება არ აქვთ, ან დანაშაული არ არის, აქედან გამომდინარე, პროტესტი რაც უამრავ ადამიანშია, ამას პატივი უნდა სცეს დღევანდელმა მმართველმა და უნდა იყოს ჰუმანური." აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების მონაწილე ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.საქმეს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე განიხილავს.
საქალაქო სასამართლოს ეზოში კი რეჟიმის პატიმრების ახლობლები არიან შეკრებილები.