გორში სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული ბავშვობის საცხოვრებელი სახლის და ფანჩატურის რესტავრაცია-კონსერვაციას გეგმავენ. გამოცხადებულ ტენდერში შემსყიდველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმია. წინადადებების მიღება 18 იანვარს დაიწყება და 21 იანვარს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 109 430 ლარია. სამუშაოების ვადა 11 თვე. ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად, რესტავრაცია-კონსერვაცია უნდა ჩაუტარდეს სახლის როგორც ექსტერიერს ისე ინტერიერს, სახურავს, იატაკს, კარ-ფანჯრებს, მემორიალურ დაფებს, უნდა შეიცვალოს ელექტროგაყვანილობა.
შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 10 წელს.
პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 220000 ლარისა.