შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) და "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი -კონსტიტუციის 78-ე მუხლი" 50-ზე მეტი საჯარო მოსამსახურის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოში სარჩელის წარდგენას გეგმავენ.
ISFED-ისა საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის -კონსტიტუციის 78-ე მუხლის" განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლებები ხორციელდება ყოველგვარი დასაბუთებისა და გამჭვირვალე პროცედურების გარეშე. საჯარო დაწესებულებები იყენებენ ფორმალურ საფუძვლებს, როგორიცაა რეორგანიზაცია ან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლება, თუმცა რეალური მიზეზები აშკარად პოლიტიკური ან განსხვავებული შეხედულებების გავრცელების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნას ეხება. რიგ შემთხვევაში, გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გათავისუფლებები როგორც ცენტრალური, ისე მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს შეეხო.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები”) საჯარო სამსახურში მიმდინარე პროცესებს აკვირდება. 2024 წლის დეკემბრის ბოლოდან საჯარო სექტორში დაიწყო თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების მასშტაბური პროცესი. „სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც 28 ნოემბრის შემდეგ საჯაროდ გამოხატეს თავიანთი სამოქალაქო პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ პირთა სამსახურიდან გათავისუფლება ცალსახად შეიცავს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნებს.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, ასევე, უარს იტყვის ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ამ განცხადების შემდეგ ქვეყნაში მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი დაიწყო, მათ შორის, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა „ქართული ოცნების” პოზიციას და ღიად დააფიქსირა მხარდაჭერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოთ აღნიშნულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებები ხორციელდება ყოველგვარი დასაბუთებისა და გამჭვირვალე პროცედურების გარეშე. საჯარო დაწესებულებები იყენებენ ფორმალურ საფუძვლებს, როგორიცაა რეორგანიზაცია ან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლება, თუმცა რეალური მიზეზები აშკარად პოლიტიკური ან განსხვავებული შეხედულებების გავრცელების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნას ეხება. რიგ შემთხვევაში, გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გათავისუფლებები როგორც ცენტრალური, ისე მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს შეეხო.
საჯარო უწყებებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება კიდევ უფრო გამარტივდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული იმ ცვლილებებით, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, 2024 წლის 13 დეკემბერს მიიღო, აღნიშნული ცვლილებებით გაუარესდა საკანონმდებლო მოწესრიგება, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთებას და აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას. კვალიფიციურ და გამოცდილ საჯარო მოსამსახურეთა უკანონო გათავისუფლება, საჯარო სამსახურში პოლიტიკური ზეგავლენის გაძლიერებასთან ერთად, მნიშვნელოვნად დააზიანებს საჯარო დაწესებულებების ეფექტიან ფუნქციონირებას.
„სამართლიანი არჩევნები“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. „სამართლიანი არჩევნები“ და “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი -კონსტიტუციის 78-ე მუხლი”, მუშაობენ საჯარო სამსახურებიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული და რისკის ქვეშ მყოფი საჯარო მოსამსახურეების უფლებების დაცვაზე და ერთობლივად, ამ ეტაპზე 50-ზე მეტი საჯარო მოსამსახურის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით გეგმავენ სარჩელის წარდგენას სასამართლოში," - წერია განცხადებაში.