ოლიგარქის რეჟიმის ტყვე ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა ემსჯელათ, ხალხის სიმრავლის მიუხედავად მოსამართლემ უარი თქვა სხდომა უფრო დიდ დარბაზში ჩაეტარებინა და მოსამართლის მხრიდან სპეციალურად შეიქმნა გაუსაძლისი სიტუაცია, რომ დაკავებულების მხარდამჭერებს პროცესზე დასწრების საშუალება არ ჰქონოდათ.
"ეს იყო პირდაპირი დაკვეთა, თითქოს ბევრი ადამიანი ხელს შეუშლიდა სასამართლოს მიმდინარეობას. პირიქით, ჩვენ ყველანი ვიყავით მოწოდებული, რომ სასამართლო პროცესი წარმართულიყო, უბრალოდ ჩვენ სუნთქვის საშუალება გვინდოდა და ვეხვეწებოდით, რომ ამის საშუალება მოეცა. ეს იყო პირდაპირი დავალება მოსამართლეზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხალხი ყოფილიყო დარბაზში. ამით თითქოს აიცილებდა სიტუაციას - პირიქით, მიიღო უფრო დიდი სკანდალი და ის, რომ ბრალდებულებმა და ადვოკატების კორპუსმა დატოვეს დარბაზი. ასეთი უსამართლობა უკვალოდ არ ჩაივლის, დარწმუნებული ვარ მიიღებენ პასუხს." - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
დარბაზში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმაც.
"ვითხოვეთ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დარბაზის შეცვლა. ტექნიკურად ამისი შესაძლებლობა სასამართლოს ჰქონდა. დამსწრე საზოგადოებისა და ბრალდებულთა ოჯახის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით, ვითხოვეთ დარბაზის შეცვლა, მაგრამ სასამართლომ გვითხრა ამ ყველაფერზე უარი. ამას მოჰყვა შედეგად ის, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გახდა ცუდად. სასწრაფოს ექიმის ცნობის მიხედვით დადგინდა, რომ მისი ცუდად გახდომის მიზეზი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც გამოწვეული იყო უჟანგბადობით. ჩვენმა კოლეგამ, ბატონმა კახა კოჟორიძემ დააყენა შუამდგომლობა უკვე ამის შემდეგ და მოსთხოვა სასამართლოს, რომ გაეთვალისწინებინა ეს გარემოება და შეცვლილიყო ამის შემდეგ დარბაზი, არ მოჰყოლოდა შედეგად სხვა ბრალდებულების ცუდად გახდომა. მაგრამ ამის მიუხედავად სასამართლომ კვლავ იგივე გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და არ შეცვალა სხდომის დარბაზი, რასაც, ბუნებრივია, ბრალდებულთა პროტესტი მოჰყვა და შესაბამისად ჩვენი სამუშაო პირობების არქონის გამო ბრალდებულებთან შეთანხმებით და დავტოვეთ სხდომათა დარბაზი". - ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი.
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავს.
დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს თუ არა პატიმრობაში პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს, რომალთა შორისაა ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ფოტო: პუბლიკა