ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და რეჟიმის სხვა ტყვეების გათავისუფლებას 20 იანვრამდე ითხოვს. საგანგებო განცხადება თეატრის წინ, სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა გააკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თეატრალები პროტესტის პასიური ფორმიდან, აქტიურ ქმედებებზე გადასვლას აანონსებენ:
"ჩვენ გვაიძულეს დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისათვის, რომელიც 45-ე დღეა შინ არ შესულა.
ჩვენ გავჩერდით იმ უსამართლობის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენ შევწყვიტეთ სპექტაკლები ანდროსთვის, რომელიც უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, ასევე სხვა პატიმრებიც. არ დაგვიტოვეს სხვა გზა, ჯერ პოლიტიკოსებმა წაგვართვეს პროფესია, იაფფასიანი შოუებით, მერე სასამართლომ უხეირო, უნიჭო ქმედებებით, რომლის მომსწრენიც ვიყავით გუშინ და დღესაც მოხდა უბედურება. ბოლო იმედი, რომ სახელმწიფო გაუფრთხილდებოდა ნიჭიერ, ჯანმრთელ ახალგაზრდებს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ გარდა ჩვენი თეატრისა, სრულიად სახელოვნებო სფერომ და მისმა 2000-მდე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა და ხელმოწერით დაადასტურა ანდრო ჭიჭინაძისთვის თავდებობაში ჩადგომა, სახელმწიფომ სასამართლოს პირით გამოგვიცხადა, რომ დღეს ასეთი სფერო საქართველოში არ არსებობს, ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ, მათთვის არ ვარსებობთ.
აქამდე ჩვენ პროტესტის პასიური ფორმა ავირჩიეთ, დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ ამავე თეატრის მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების, ადვოკატებს მიერ გასაჩივრებული, გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე. იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე , ჯერ კიდე ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს მათზე არანაირი მტკიცებულება, რაც მათ სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს, ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და ნახავთ რეალურად, ვაჩვენებთ რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს. თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ ჯერ არ გინახავთ თეატრი ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი. ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს" განაცხადა დავით დოიაშვილმა.
შეგახსენებთ, ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრების შემდეგ, ახალმა თეატრმა ყველა სპექტაკლი გააუქმა.
გუშინ, 10 იანვარს კი ოლიგარქის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე და რეჟიმის კიდევ 10 ტყვე, წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მათი წინასასამართლო სხდომა 5 მარტისთვისაა ჩანიშნული.