სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან.
"საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
ამჟამად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან. ასევე, მათ შორის, იმყოფებიან ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ერთ-ერთი დაკავებულია განთავსებული.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.
დაკავებული და დაშავებული პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.
ამასთან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე - 1481." ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციამ საპროტესტო აქციის 13 მონაწილე დააკავა.
მოგვიანებით, პოლიციის სამმართველო დატოვეს ციალა ქათამიძემ, ნანა შავაძემ, თეონა ბერიძემ, თათია აბულაძემ. გამოცემა "ბათუმელების" ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციამ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ხელმეორედ დააკავეს.
თბილისში კი შშმ პირების უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი დააკავეს, რომელიც ნაცემია და ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.