სოციალური სამართლიანობის ცენტრი 11 იანვარს, ბათუმში მომხდარი დაკავების ფაქტებს ეხმაურება და "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ასევე არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიებასა და ბრალეული პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
როგორც SJC-ს განცხადებაში წერია, ბოლო პერიოდში დაკავებულთა შორის ხვდებიან ქალები, არასრულწლოვანები, შშმ პირები, ჟურნალისტები, რაც რეპრესიის და ტერორის ინტენსიფიკაციაზე მიუთითებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რეჟიმის სამიზნე გახდა გამორჩეული მედია პლატფორმის დამფუძნებელი, რომელიც 90-იანი წლებიდან აქტიურ მედია სამუშაოს ეწევა და გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, დამოუკიდებლობითა და კრიტიკულობით ხელისუფლებებისა და ძალაუფლების სხვა ღერძების მიმართ.
"როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მზია ამაღლობელი უდანაშაულოა და მისი ქმედებები არათუ სისხლის სამართლის დანაშაულის, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებსაც კი არ შეიცავს. უფრო ზუსტად, დაკავების მომენტში მზია ამაღლობელი მოყვა ჭყლეტაში. როგორც მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოუთხრო, როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი. ამ მომენტში პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა.
მეორედ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეძლეოდა ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, მისი თქმით, დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას. სახალხო დამცველის განცხადებით, მათ მიერ 11 და 12 იანვარს მონახულებული დაკავებულებიდან 5 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, ხოლო მათი უმეტესობა მიუთითებს, რომ პოლიციელებმა მათ არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" აგრძელებს შეკრების თავისუფლების ხელყოფას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და მასობრივი უკანონო დაკავების პრაქტიკას.
28 ნოემბერს საპროტესტო აქციების შემდეგ დაკავებულია 500-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უდიდესი ნაწილი უთითებს დაკავების დროს და დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობაზე და წამებაზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან. ეს ტენდენციები აჩვენებს, რომ დაკავებული პირების მიმართ საპოლიციო ძალადობა და არასათანადო მოპყრობა საქართველოში ადმინისტრაციულ პრაქტიკად იქცა და სისტემური გახდა. ამას ემატება წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სისტემური ძალადობის შემთხვევებისა და პრაქტიკების არასათანადო გამოძიება და რეაგირება საგამოძიებო უწყებებისა და სასამართლოს მხრიდან. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ამ დრომდე პოლიციის მხრიდან ძალადობის არც ერთ საქმეზე არც ერთი სამართალდამცავი პირი არ არის დაკავებული. ამასთან, სასამართლომ თითქმის ყველა ადმინისტრაციულ საქმეზე ადამიანებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შესაბამისი სახდელები შეუფარდა და არ მოახდინა სათანადო რეაგირება წამების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის შემთხვევებზე, რაზეც მათ წინაშე წარმდგარი დაკავებული პირები უთითებდნენ.
ცხადია, რომ ეს პრაქტიკა სტრუქტურული დაუსჯელობის გარემოს ქმნის და ანგრევს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს, რომელიც ადამიანის ღირსების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვაზეა დაფუძნებული. აშკარაა, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში რეპრესია და მოქალაქეებზე მასობრივი ძალადობა “ქართული ოცნების” ერთადერთი პასუხი გახდა. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში უწყვეტი პროტესტებისა და უკიდურესად მკაცრი საერთაშორისო რეაგირების მიუხედავად, “ქართული ოცნება” არ მიდის გონივრულ დათმობებზე და პირიქით, ზრდის რეპრესიის ხარისხს საკუთარ მოქალაქეებზე. ეს ძალადობრივი პრაქტიკა საქართველოში ავტორიტარიზმის აღმასვლის შემაშფოთებელი სიმპტომია, რომელიც მოქალაქეებს სულ უფრო მეტად დაუცველს ტოვებს რეპრესიული აპარატის წინაშე და ართულებს დემოკრატიული გზებით ცვლილებების მიღწევის პროცესს", - წერია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ სოლიდარობას უცხადებს ბათუმში მშვიდობიან წინააღმდეგობაში ჩართულ სამოქალაქო აქტივისტებს და მოითხოვს "ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, დროულ გათავისუფლებას