"დაკავებულები ადვოკატებთან კომუნიკაციისას უთითებენ პოლიციელთა მხრიდან ძალის მიზანმიმართულ უკანონო გამოყენებაზე," - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი განცხადებას აქვეყნებს და 11 იანვარს თბილისსა და ბათუმში ოლიგარქის პოლიციის მიერ 10-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავებას ეხმაურება.
"არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2025 წლის 11 იანვარს თბილისსა და ბათუმში პოლიციამ 10-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა. მათი ნაწილი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. დაკავებულები ადვოკატებთან კომუნიკაციისას უთითებენ პოლიციელთა მხრიდან ძალის მიზანმიმართულ უკანონო გამოყენებაზე. ამ კუთხით ადგილი ჰქონდა არა მარტო ძალის გადამეტებას დაკავების პროცესში და შემდეგ, არამედ არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ ძალადობაში. გასული ღამის განმავლობაში ადვოკატები ცდილობდნენ დაკავებულებთან შეხვედრასა და მათთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს თავის არეში მიღებული დაზიანებების გათვალისწინებით, სჭირდება დროული სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა, იგი ამ დროისთვის დაკავებულად მიიჩნევა. ადვოკატის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულიად დაუსაბუთებლად არ ათავისუფლებს მას ხელწერილის საფუძველზე. ამ დროის მონაცემებით, დაკავებული ხვალამდე დარჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ადვოკატები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ მოენახულებინათ „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. ჟურნალისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან იგი მალევე ხელახლა დააკავეს. ამ დროისთვის იგი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში და გამომძიებელთა თქმით, მას შესაძლოა 48 საათში წარუდგინონ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლით გათვალისწინებული პოლიციელზე თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ჟურნალისტი საუბრობს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები კვლავ განაგრძობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვას," - წერია განცხადებაში.