VSquare: ორბანის მრჩეველი, არპად ჰაბონი პროკრემლისტურ "ქართულ ოცნებას" სულ მცირე 2 წელია ეხმარება

გამოქვეყნდა:

საგამოძიებო პორტალი, VSquare წერს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მრჩეველი და მისი კამპანიის ოფიციალურად დაუდასტურებელი სტრატეგი, არპად ჰაბონი პროკრემლისტურ "ქართულ ოცნებას" სულ მცირე 2 წელია ეხმარება. საგამოძიებო პორტალი ამას სანდრო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

VSquare-ის წყაროების ცნობით, ჰაბონი თბილისში არაერთხელ იმყოფებოდა, კერძოდ კი ის სასტუმრო "შერატონთან", ასევე აეროპორტში და "ქართული ოცნების" შტაბ-ბინაში დააფიქსირეს.

პორტალის ინფორმაციით, ჰაბონის ამოცანა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობის დამყარება იყო, მაგრამ პროექტი წარუმატებელი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანი, ორბანის მთავრობის მინისტრი, ანტალ როგანი აშშ-მა კორუფციისთვის მაგნიტსკის სიით დაასანქცირა.

VSquare-ის Szabolcs Panyi-მ დაწერა, რომ ჰაბონი, რომელიც პრემიერმინისტრ ორბანის მთავარი მრჩეველია, მუშაობდა სლოვაკეთსა და პოლონეთში, და ის ასევე გაემგზავრა ფლორიდაში ტრამპის გუნდთან დასაკავშირებლად. ჰაბონიმ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასული წლის ოქტომბერში გამართულ საქართველოს არჩევნებში.

"ტრამპსა და რესპუბლიკელებს არ მოსწონთ პრორუსი საქართველოს პრემიერმინისტრი. პრემიერ ორბანის ახალი ტრანსატლანტიკური მოკავშირეები, პრეზიდენტი ტრამპი, მისი გუნდი და რესპუბლიკელები არ იზიარებენ უნგრეთის ლიდერის დადებით აზრს საქართველოში არჩევნების შემდეგ მომხდარის შესახებ", - წერია მასალაში. 

VSquare-ის ცნობით, რესპუბლიკურ წრეებში აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ კობახიძე გამოჩნდა ფოტოზე ირანელ, ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებთან ერთად. "იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მოკვლას და ყოველდღე ამერიკის სიკვდილისკენ მოუწოდებდნენ. ამერიკა არ მოტყუვდება", - გამოაქვეყნა პოსტი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა X-ზე.

"ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა კობახიძე ინაუგურაციაზე არ მიიწვია. ამის ნაცვლად, მან მიიწვია სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ერთგვარი წარუმატებლობა პრემიერმინისტრ ორბანის პირადი მრჩევლის არპად ჰაბონის, რომლის ამოცანა იყო საქართველოს ახალი პრემიერისა და ტრამპის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობების დალაგება", - წერია ინფორმაციაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი