ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე ოლიგარქიული რეჟიმისთვის ნომერ პირველი მოწინააღმდეგე ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. დიქტატურაში ადამიანის ადგილი არ უნდა იყოს და არ უნდა იყოს ადგილი თავისუფალი აზრისთვის, მოქმედებისთვის, სურვილისთვის შეცვალო შენი ქვეყანა უკეთესობისკენ.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის დრაკონული კანონები, რომელი არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო და რომლის გამოყენებითაც ცდილობს ის ამ ქვეყნის თავისუფალი შვილების დაშინებას, დამორჩილებას და შევიწროებას. მათ შორის სახის დაფარვა სამედიცინო ნიღბით, ან შარფით, არალეგიტიმურმა პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეაფასა. სხვათა შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც დღესაც მოქმედი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკის დროსაა მიღებული. კომუნისტებსაც კი თავში აზრად არ მოსვლიათ, მაგალითად ზამთარში ადამიანის დასჯა იმის გამო რომ სცივა. ეს ხუმრობით, რეალურად კი ძალიან ბევრი ადამიანი დემონსტრაციულად არ ემორჩილება კანონს, რომელიც მურუსიძის სამართლებრივი სტანდარტებისთვისაც კი კომიკური ანომალიაა.
მარიამ სიჭინავა რეციდივისტია. უფრო სწორად, მას რეციდივისტად, სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა მიიჩნევს, თორემ ისე, ის ერთი უწყინარი, მარტოხელა დედაა, რომელსაც უსამართლობასთან ბრძოლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ბრძოლის მეთოდი კი მოფიქრებული. მარიამ სიჭინავა კანონდამრღვევად 30 დეკემბერს, მას შემდეგ იქცა, რაც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეულმა, არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, დრაკონულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც საპროტესტო აქციის დროს სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა სამართალდარღვევად ჩაითვალა.
უფრო ვრცლად იხილეთ გიორგი გვიშიანის და ემა გოგოხიას სიუჟეტში.