"ბაბილოსთან" დაკავებულებს შორისაა თუმანიშვილის თეატრის მსახიობი | ადვოკატების ცნობით, დაკავებულებს დაზიანებები აღენიშნებათ

გამოქვეყნდა:

"ბაბილოსთან" დაკავებული 9 პირიდან 5 დიღმის მთავარი სამმართველოს წინასწარ დაკავების იზოლატორში იმყოფება. ისინი ადვოკატებმა მოინახულეს. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რომლებიც უშუალოდ დაკავების დროს მიიღეს.

დაკავებულთა შორისაა თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე. გარკვეული სახის დაზიანებები მასაც აღენიშნება. გიორგი ჩაჩანიძე იმ დროს დააკავეს როდესაც სამართალდამცველები აქციის მონაწილე გოგონას დაკავებას ცდილობდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ჩაჩანიძე მას გოგოს გამოესარჩლა.

დაკავებულები არიან ასევე შაკო მაღრაძე, ტიტე გედენიძე, ბექა პაპაშვილი. უფლებადამცველის თქმით, მათი დაკავება უშუალოდ გოგა მემანიშვილის ბრძანებით მოხდა რადგან პოლიციის მაღალჩინოსანი საპროტესტო აქციების დროს აღნიშნულ პირებს ემუქრებოდა, რომ როგორც კი შანსი მიეცემოდა, დაიჭერდა.

"ბექა პაპაშვილი განმარტავს, რომ პირადად მემანიშვილმა დააკავა და ანგარიშსწორება მოახდინა, რადგან წინა აქციებზე შეპირდა რომ მას დააკავებდა როდესაც მასთან ახლოს იქნებოდა და სწორედ გუშინ აღმოჩნდა მემანიშვილი მასთან ახლოს და გამოიყენა ეს შესაძლებლობა. რაც შეეხება მაღრაძეს ისიც მემანიშვილმა დააკავა. კისერში მოუჭირა ხელი და ესე აიყვანა მანქანამდე. ეს არის ძალადობრივი დაკავება და სპეციალური საგამოძიებო უნდა დაინტერესდეს, მაგრამ რა თქმა უნდა არ დაინტერესდება" ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

რესტორან „ბაბილოსთან“ დაკავებულთა ნაწილი - 4 პირი კი ზაჰესის იზოლატორშია. ერთ-ერთი  დაკავებული დანიელ ბუკაშვილი აცხადებს, რომ დაკავებისას დაზიანებები მიიღო და ადვოკატის თქმით, პროტესტის ნიშნად, იზოლატორში შიმშილობს. 

"რამდენჯერმე ჩამარტყა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო და პროტესტის ნიშნად მიმართა შიმშილობას. " - განაცხადა ადვოკატმა. 

დაკავებულებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. 

შეგახსენებთ, მოსამართლეებისთვის დისკომფორტის შექმნის გამო გუშინ "ბაბილოსთან"  9 მოქალაქე დააკავეს.   ოლიგარქის მსახური მოსამართლეები რესტორანში კორპორაციული წვეულების გასამართად მივიდნენ, თუმცა, ადგილზე მათ იმ ახალგაზრდების მშობლები დახვდნენ, რომლებიც კლანმა გაასამართლა და მტკიცებულებებისა და ფაქტების არარსებობის მიუხედავად ციხეში გამოკეტა. რესტორანთან მისულ მოსამართლეებს ხალხი მონებსა და ოლიგარქის მსახურებს ეძახდა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის ფონზე  ქეიფის შემდეგ, მოსამართლეებს რესტორნის დატოვება პოლიციის კორდონის გავლით მოუხდათ,  საყვირების, პროტესტისა და შეძახილების ფონზე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი