"ბრძოლას ვაგრძელებთ... ახლა ვიქნებით უნივერსიტეტში და აქ დავრჩებით იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება" | თსუ-ის სტუდენტების განცხადება

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბრძოლის ფორმას ცვლიან და პროტესტს უნივერსიტეტის შენობაში აგრძელებენ.

როგორც სტუდენტების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თსუ-ში წაიკითხეს, ისინი სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს მოუწოდებენ პროტესტის იგივე ფორმას მიმართონ.

გარდა ამისა, ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორს მოუწოდებენ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ:

"საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს პერიოდი, თავის ავტორიტარული სისტემით და დიქტატურით, არის ერთ-ერთი უმძიმესი. რეჟიმი გვიზღუდავს თავისუფალი და განსხვავებული აზრის ქონას. ასევე იგი გვდევნის და ხელ-ფეხს გვიკოჭავს ჩვენივე უფლებების წართმევით. დღეს, სტუდენტები შევიკრიბეთ თსუ-ის I კორპუსში, რათა ხმამაღლა გავაჟღეროთ, რომ ჩვენ არ გვეშინია და გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებსა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, რომელთა რიგებში არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები...

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და სანამ საქართველოს კურსს, არ დავაბრუნებთ ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი აქ შეკრების მიზეზი კი ერთია - რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით: აქამდე თუ სტუდენტები ვიდექით რუსთაველის გამზირზე და იქიდან ვიძახდით ჩვენს სათქმელს, ახლა ვიქნებით ჩვენს სასწავლო კერაში, უნივერსიტეტში და აქ დავრჩებით იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება. სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს მოვუწოდებთ, გააკეთონ იგივე - შეუერთდნენ თსუ-ის და თეატრალური უნივერსიტეტების პროტესტის ამგვარ ფორმას, ვინაიდან სტუდენტის ხმა, ყველაზე ხმამაღლა უნივერსიტეტიდან ისმის. ასევე, ადმინისტრაციასა და რექტორს მოვუწოდებთ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ თავიანთ სტუდენტებს, რომლებიც სამართლისთვის ბრძოლის გამო არიან დაკავებული. გავიმარჯვებთ სახელოვნად! ჩვენი ადგილი ევროკავშირშია!", - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი