"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ოლიგარქის სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითვალისწინებს.
საია მიიჩნევს, რომ ამ საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი.
"პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე ან სხვა ფორმით შეუშლის ხელს გამოძიებას. მზია ამაღლობელის მხრიდან კი არ არსებობს მსგავსი საფრთხეები. მზია ამაღლობელი არის მაღალი რეპუტაციის მქონე საჯარო პირი, რომელიც მრავალი წელია ხელმძღვანელობს საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებებს. მისი პატიმრობა ამ შემთხვევაში იქნება უსაფუძვლო. მოვუწოდებთ სასამართლოს, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა და დაიცვას როგორც სამართლიანობის პრინციპი, ისე პიროვნების უფლებები", - წერია განცხადებაში.
მზია ამაღლობელის საქმეზე სხდომა, 14 იანვარს, 11:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მის უფლებებს საიას ადვოკატი საქმეში ჩართულ სხვა ადვოკატებთან ერთად დაიცავს.