"ან უნდა დაექვემდებარო ზემდგომის ხუშტურს, ან უნდა მისდიო კონსტიტუციას...ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას" | საჯარო მოხელე თანამდებობას ტოვებს

გამოქვეყნდა:

ეს არის რეპრესიული ზომაა - ეს არის ან დაექვემდებარო ზემდგომის ხუშტურს, რაც ყოველთვის კორუფციის და ჩაგვრის წყაროა, ან მისდიო პროცედურას,  კანონს და კონსტიტუციას. დღეს ეს კანონმდებლობა გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანს უქვემდებარებს ზემდგომს და უგულებელყოფს საჯარო სამსახურის კანონს - აცხადებს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკვე ყოფილი საჯარო მოხელე დავით ჩხეიძე, რომელიც თანამდებობას ტოვებს.

ჩხეიძე იმ რეპრესიულ კანონმდებლობაზე საუბრობს, რომელიც არჩევნების შემდეგ, თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ მიიღო. ჩხეიძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ამბობს, რომ არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარი, რაც ახლა, ახალი კანონმდებლობით შეუძლებელი ხდება. 

"გავიარე ატაშედან დაწყებული, წამყვანი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი და თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი 1-ელ იანვრამდე და დღეს მაქვს არჩევანი ან მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივად დასაქმებულმა პირმა, ან დავტოვო სამსახური. ავტომატურად იმ კანონით რომელიც მიიღეს არჩევნებს შემდეგ, აღარ ვიყო დასაქმებული ამ თანამდებობაზე....

როდესაც იყო კანონი, რომელზეც გვითხრეს რომ დაარღვევდა ურთიერთობებს დასავლეთთან, მე ამას გაგებთ მოვეკიდე. გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ დავრჩი თანამდებობაზე; როდესაც მიიღეს მეორე წინააღმდეგობრივი კანონი, როდესაც მოხდა არჩევნების არაღიარება, როდესაც ერთმა პარტიამ მიანიჭა თავს უფლებამოსილება, რომ კონსტიტუციაში გაწერილი ნორმა შეეჩერებინა ერთპარტიულად, ეს ყველაფერი საჯარო მოხელეს აყენებს დიდი გამოწვევების წინაშე. როდესაც შეწყდა ურთიერთობები ევროკავშირთან და სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთნ, მუდმივად კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს უდგას კითხვა როდემდე? როდემდე შეიძლება დარჩე და იმსახურო, მაშინ, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრულიად გადის კონსტიტუციური ნორმიდან. 

მე გამოვხატავდი სამოქალაქო პოზიციას თავისუფლად ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე და ამავე დროს, ვრჩებოდი სახელმწიფო სამსახურში, რადგან ჯანდაცვამ, სამართალდაცვამ, თავდაცვამ არ იცის პარტიულ მიკერძოება, მაგრამ რეპრესიამ მოაღწია ჩემამდეც. მე დღეს ან უნდა მოვუხარო თავო ამ  უკანონობას, ან არ უნდა მოვაწერო ხელშეკრულებაზე ხელი. მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ხელმოწერა. " ამბობს ჩხეიძე. 

ჩხეიძე ვიდეომიმართვაში საუბრობს ევროკავშირის სანქციებზეც, რომელიც დიპლომატიურ პასპორტებს შეეხება და აღნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა, როგორც სამსახურებრივი პასპორტის მფლობელს მასაც შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორები აღარც მას ენდობიან. 

"ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას... "  - ამბობს ჩხეიძე და გამოთქვამს სურვილს, რომ საჯარო მოხელეები ბოლომდე შეეწინააღმდეგონ არაკონსტიტუციურ და არასამართლებრივ ზეწოლას ზემოდან - "უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით, როგორც საჯარო მოხელე" - ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი